რუსული მედიის ცნობით, ეკატერინბურგში აზერბაიჯანის დიასპორის ხელმძღვანელის შვილი დააკავეს
ეკატერინბურგში აზერბაიჯანის დიასპორის ხელმძღვანელის შვილი – მუტვალა შიხლინსკი 15 ივლისს დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მუტვალა შიხლინსკის დაკავება უკავშირდება ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის ზიანის მიყენებას.
„ერბეკას“ ცნობით, მუტვალა შიხლინსკი დაკითხეს, თუმცა რომელი მუხლით არის აღძრული საქმე, ჯერ უცნობია.
ცნობისთვის, ივლისში ეკატერინბურგის აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, რომელიც რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. მუტვალა შიხლინსკი ივლისის დასაწყისში აცხადებდა, რომ მამამისი არის მოწმე ძმები საფაროვების წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე, რომელიც დაკავშირებულია 2001-2011 წლებში მომხდარ მკვლელობებთან.
ძმები საფაროვების საქმის გახსნის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 27 ივნისს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ეკატერინბურგში ჩატარებული რეიდის დროს აზერბაიჯანელები დააკავეს. ორი დაკავებული დაიღუპა. აზერბაიჯანის პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ მათი მოქალაქეები ცემის შედეგად დაიღუპნენ.
აღნიშნული შემთხვევის გამო მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობები დაიძაბა. ეკატერინბურგში დაკავების საპასუხოდ ბაქოში დააპატიმრეს რუსეთის 20-მდე მოქალაქე, მათ შორის რუსული სააგენტოს, „სპუტნიკის“ თანამშრომლები.