რუსული მედიის ცნობით, 18 ივნისს მოსკოვზე უკრაინის შეტევა ბოლო ორ წელიწადში ყველაზე მასშტაბური იყო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევა დაადასტურა. მიმდინარე კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის დედაქალაქში მდებარე კაპოტნეს ქარხანაზე იერიში მეორედ მიიტანეს.
„მიმდინარე კვირაში მეორედ განხორციელდა დარტყმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ასევე დარტყმები განხორციელდა რუსეთის როსტოვის ოლქსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სრულიად სამართლიანი პასუხი რუსეთის მხრიდან ჩვენს ქალაქებზე მიტანილ დარტყმებზე და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ჩვენი სამხედროების მუშაობისა იმ ობიექტებზე, რომლებიც რუსულ სამხედრო მანქანას უზრუნველყოფენ. დროა, ეს ომი დასრულდეს. რუსეთმა უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები დიპლომატიაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს, „იტარ-ტასის“ ცნობით, 18 ივნისს რუსეთის დედაქალაქზე უკრაინის შეტევა ბოლო ორ წელიწადში ყველაზე მასშტაბური იყო. მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ განადგურებულია თითქმის 200 დრონი. ის ასევე იუწყება ერთი დაჭრილის შესახებ. იერიშის გამო მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დროებით შეზღუდული იყო საავტომობილო მოძრაობა. ასევე დაიკეტა მოსკოვის ოთხივე აეროპორტი.