რუსული მედია - უკრანამ რუსეთზე დრონებით მასშტაბური შეტევა განახორციელა
რუსული მედია - უკრანამ რუსეთზე დრონებით მასშტაბური შეტევა განახორციელა

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი იუწყება, რომ უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად ტიხორეცკის გარეუბანში მდებარე ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

გარდა ამისა, ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ტიხორეცკის რაიონში დრონებმა ორი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანეს.

ტიხორეცკთან მდებარე ნავთობის ბაზა ბოლოს 12 მარტს გახდა თავდასხმის სამიზნე.

რუსული მედიის ცნობით, მაშინ ხანძრის ფართობმა 3.8 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხანძარი 13 მარტს ჩააქრეს.

სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინის“ წყაროები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებდნენ უკრაინულ დარტყმას ტიხორეცკის ნავთობის კვანძზე და აცხადებდნენ, რომ ის რუსეთის სამხრეთში ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატრანზიტო პუნქტია.

ვოლგოგრადში კი დრონის დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა

ვოლგოგრადის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სახლის ზოგიერთ ბინაში ფანჯრები ჩაიმსხვრა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ტელეგრამარხები ადგილობრივებზე დაყრდნობით წერენ, რომ ვოლგოგრადის ოლქი „დაახლოებით დილის სამ საათიდან დრონების მასირებული თავდასხმის ქვეშ მოექცა“. არხის ინფორმაციით, განადგურდა 20-ზე მეტი სამიზნე.

14 მარტს ღამით უკრაინული დრონების შეტევის შესახებ „ტელეგრამზე“ ასევე დაწერა ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა. მისი თქმით, დღის განმავლობაში რეგიონში 128 უპილოტო აპარატი გაანადგურეს.

მოსკოვის მერის განცხადებით კი, რუსეთის დედაქალაქში 11 საათში 65 დრონი ჩამოაგდეს.