რუსული მედია - ქერჩის სრუტეში სამოქალაქო გემების მიმოსვლა აღდგა
რუსული მედია - ქერჩის სრუტეში სამოქალაქო გემების მიმოსვლა აღდგა

რუსული მედიის ინფორმაციით, ქერჩის სრუტეში სამოქალაქო ხომალდების მიმოსვლა აღდგა. როგორც საწარმო „ყირიმის საზღვაო პორტების“ ხელმძღვანელი ალექსეი ვოლკოვი აცხადებს, ქერჩის სრუტეში მოძრაობა 25 ნოემბერს უსაფრთხოების მიზნით შეწყდა.

25 ნოემბერს რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის ფლოტის სამ ხომალდს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინული გემები რუსეთის საზღვრის უკანონო კვეთაში დაადანაშაულა. თავის მხრივ კიევში ამბობენ, რომ ხომალდები ოდესიდან მარიუპოლის პორტში მიცურავდნენ და ამის შესახებ მოსკოვი ინფორმირებული იყო.

სროლის შედეგად დაიჭრა ექვსი უკრაინელი მეზღვაური. სამივე ხომალდი რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ქერჩის პორტში გადაიყვანეს. სულ, სამივე ხომალდზე 23 უკრაინელი მეზღვაური იმყოფებოდა.

მომხდარის გამო უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭო და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდნენ. გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა დაამტკიცოს.

დღეს აზოვის ზღვაში მომხდარი ინციდენტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭო იმსჯელებს.