რუსული მედია - ანანიძით ტულის „არსენალი“ დაინტერესდა
რუსული მედია - ანანიძით ტულის „არსენალი“ დაინტერესდა
„მატჩ-ტვ“ ამტკიცებს, რომ მოსკოვის „სპარტაკი“ ნახევარმცველ ჯანო ანანიძის განათხოვრებას გეგმავს. რუსული მედისაშუალების ცნობით, დაინტერესებული კლუბი ტულის „არსენალია“, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა თამაშობს.
„მოსკოვის „სპარტაკის“ ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში ქართველი ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის იჯარით გაშვების საკითხს განიხილავს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ ბოლო მატჩებში ფეხბურთელს თავის გამოვლენის საშუალება მისცა, მაგრამ გერმანელი სპეციალისტის აზრით, მან ეს ვერ მოახერხა. არსებული ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელის იჯარით აყვანის ვარიანტი, შესაძლოა, ტულის „არსენალმა“ განიხილოს. აღსანიშნავია, რომ ანანიძის გაყიდვა ნაკლებად სავარაუდოა რუსეთის პრემიერლიგის გუნდებში, რადგან მათი უმეტესობა არც თუ ისე მაღალი გადახდისუნარიანობით გამოირჩევა“ – წერს „მატჩ-ტვ“.
ამავე დროს, რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ, თუ ანანაიძე ახალ გუნდს თავად მოძებნის, „სპარტაკი“ მომდევნო წლის დეკემბრამდე მოთამაშეს ხელფასის სხვაობას დაუფარავს. ამჟამინდელი კონტრაქტის თანახმად, ჯანო მოსკოვურ კლუბში წელიწადში 1,7 მილიონ ევროს იღებს.