რუსული ჯარები, პროპაგანდისტული ვიდეოების გადასაღებად, ხარკოვის ოლქის სასაზღვრო სოფლებში შეღწევას ცდილობენ

11:54, 11.11.2026

ხარკოვის ოლქის დერჰაჩის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ზადორენკო. 2026 წლის ნოემბერი

ხარკოვის ოლქის დერჰაჩის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ზადორენკო. 2026 წლის ნოემბერი

რუსული ჯარები დერჰაჩის თემის სასაზღვრო დასახლებებში 2-3 კაციან მცირე ჯგუფებად ჩუმად შესვლას ცდილობენ, რათა იქ დროშები აღმართონ და პროპაგანდისტული ვიდეოები გადაიღონ.

ამ საკითხზე 10 ნოემბერს, უკრაინის რადიო „ხარკოვთან“ გაკეთებულ კომენტარში, დერჰაჩის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ზადორენკომ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ მიზნით, 2026 წლის განმავლობაში რუსულმა ქვეითთა ჯარმა შეაღწია ვეტერინარნოეში, გრანივში, შევჩენკოვოში, ხოპტოვკაში, კუდიივკასა და იარუხაში. ზადორენკოს განცხადებით, ამჟამად რუსული ძალები, 2-3 კაციანი ჯგუფებით, ნოვა კოზაჩასა და დერჰაჩის მიმართულებით გაჭრას ცდილობენ.

„ხოპტივკამდე ჩვენი შეიარაღებული ძალები ანადგურებენ მათ ქვეითებს, რომლებიც ამ დასახლებებში შეღწევას ცდილობენ, თუმცა მცირე ჯგუფები მაინც ახერხებენ გაძრომას. ისინი აფრიალებენ რუსულ დროშებს, დრონების მეშვეობით ამ სოფლებში თავიანთ ყოფნას აფიქსირებენ და ქმნიან სურათს, თითქოს დასახლებები უკვე დაიპყრეს და ახლა საფრთხეს ქალაქ ხარკოვსა და ჩვენს დერგაჩის თემს უქმნიან“, – ამბობს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

დრონების საწინააღმდეგო ბადეების მონტაჟი დერჰაჩში

ზადორენკოს განცხადებით, რუსულ ქვეით ჯარს მომარაგების მარშრუტები არ გააჩნია, ხოლო შემოდგომის დადგომასთან ერთად, მათ ხეებით დაფარულ ზოლებში დამალვის შესაძლებლობაც დაკარგეს.

„ჩვენი სამხედროები ამბობენ, რომ ეს ერთი მიმართულებით წასასვლელი ბილეთია და უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს; ისინი განადგურდებიან. ზამთარი ახლოვდება და ოკუპანტებისთვის საკვების მიწოდება შეუძლებელი გახდება, განსაკუთრებით – კუდიივკასა და შოპინოს ხუტორებში, სადაც დაუზიანებელი სახლი აღარ დარჩა და საკვების შოვნა შეუძლებელია. ამ ჯარისკაცებს კარგად ესმით, რომ ამ დასახლებებში შესვლით, გარდაუვალ სიკვდილზე მიდიან“, – განმარტავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

სიტუაცია სასაზღვრო ზონაში და ზამთრისთვის მზადება დერჰაჩში

დერჰაჩის თემის სასაზღვრო სოფლებში 50-მდე მშვიდობიანი მცხოვრებიღა დარჩა. ისინი იქ ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე ცხოვრობენ. „მათი ევაკუაცია ან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით არის შესაძლებელი“, – ამბობს ზადორენკო.

ავტობუსის გაჩერება დერჰაჩში

ამავდროულად, თავად დერჰაჩში, სადაც 25 000-ზე მეტი მოსახლეა, საქვაბეები ალტერნატიულ საწვავსა და გენერატორებზე გადაიყვანეს, ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში მათი მუშაობის უზრუნველსაყოფად კი გენერატორები და მზის პანელები მოიმარაგეს და საწვავის მარაგები დააგროვეს.

 

სტატიის ავტორი: ანასტასია ბურკოვსკა, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (Suspilne Ukraine/ Суспільне України)

ფოტოების ავტორი: ვალერია ემეცი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარკოვის რედაქცია

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი, 2026 წელი, 13:18 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი