რუსული ჰოკეის ვარსკვლავმა პუტინის წინააღმდეგ გაილაშქრა
რუსული ჰოკეის ვარსკვლავმა პუტინის წინააღმდეგ გაილაშქრა

ჰოკეის ეროვნული ლიგის რუსმა ვარსკვლავმა არტიომი პანარინმა, რომელიც ამ ზაფხულს გადავიდა „ნიუ იორკ რეინჯერსში“, ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ პრესას, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააკრიტიკა. კითხვაზე, ხომ არ გაუგრძელდა პრეზიდენტს ქვეყნის სათავეში ყოფნა, 27 წლის პანარინმა უპასუხა:

„რა თქმა უნდა, ეს ასეა. ის უკვე ვეღარ ხვდება რა არის კარგი და რა ცუდი. ჩემი აზრით, მისთვის უკვე ფსიქოლოგიურად რთულია სიტუაციის საღად შეფასება, რადგან ბევრი ადამიანი ჰყავს გარემოცვაში, რომლებიც გადაწყვეტილებებს კარნახობენ. როცა 20 წლის განმავლობაში გაქებენ და გეუბნებიან, რომ ყველაფერს კარგად აკეთებ, ასეთ შემთხვევაში საკუთარ შეცდომებს ვეღარ ამჩნევ“.

გარდა ამისა, პანარინმა გააკრიტიკა რუსული კულტურის წარმომადგენლები ამგვარი სიტყვებისთვის – „ვისაც არ მოსწონს, შეუძლია ქვეყნიდან წავიდეს“.

„ეს სრული სისულელეა, ისედაც უკვე წავიდნენ საუკეთესოები – ქვეყნის ძირითადი ტვინები“, – თქვა ჰოკეისტმა.

პანარინმა ასევე განაცხადა, რომ პუტინის მმართველობაში არ მოსწონს უკანონობა და განუკითხაობა:

„ჩვენი შეცდომაა ის, რომ მას აღვიქვამთ და ვეპყრობით, როგორც სუპერადამიანს. არადა, ის ჩვეულებრივია, ისეთივე, როგორიც ჩვენ ვართ. და წესით, ჩვენ უნდა გვემსახურებოდეს. მე არ მიმაჩნია ის სუპერადამიანად“.