რუსული გუნდის ქართველი კაპიტანი - რონალდოს მსგავსი ხელფასები არ გვაქვს, რომ შეგვიმცირონ
რუსული გუნდის ქართველი კაპიტანი - რონალდოს მსგავსი ხელფასები არ გვაქვს, რომ შეგვიმცირონ

რუსეთის პრემიერლიგის „ტამბოვის“ კაპიტანმა, ქართველმა მეკარე გიორგი შელიამ საკუთარი მოსაზრება კორონავირუსის პერიოდში საფეხბურთო სეზონის მომავალზე გამოთქვა და განაცხადა, რომ რუსეთის ჩემპიონატის გაგრძელება არარეალურად მიაჩნია.

„თუ ჩემპიონატის განახლებისა და დასრულებისთვის საკმარისი დრო იქნება, მაშინ დარჩენილი ტურები უნდა ჩავატაროთ. თუმცა, როგორც ჩანს, ამის დრო აღარ იქნება. ახლა მთელ მსოფლიოში ჯანმრთელობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფეხბურთი. თუ უეფა ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ახალი სეზონის ჩატარებას დროულად მოითხოვს, მაშინ არსებული შედეგების დაკანონება დაგვჭირდება. ჩემპიონობისთვის „ზენიტთან“ კონკურენცია სხვა გუნდებს გაუძნელდებათ და ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს ფორსმაჟორია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან „ლოკომოტივი“ (სადაც საბა კვირკველია თამაშობს) გაანაწყენოს, რადგან „კრასნოდართან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს“ – ამბობს შელია.

„ტამბოვის“ ქართველის კაპიტანი ხელფასების შემცირებას ეწინააღმდეგება: „თუ საქმე უკიდურესობამდე მივა, რა თქმა უნდა, კლუბის დასახმარებლად ხელფასების შემცირებაზე ჩვენც დათმობაზე უნდა წავიდეთ. ვითარების სირთულე ყველას გვესმის, ყველა ადამიანები ვართ და შეგვიძლია შევთანხმდეთ. მაგრამ გასათვალისწინებელი ისაა, რომ „ტამბოვში“ ისეთი შემოსავლებიც არ გვაქვს, რომ ერთი თვის ფულით სამი-ოთხი თვე უზრუნველად ვიცხოვროთ. ჩვენ კრიშტიანო რონალდოს მსგავსი ხელფასები არ გვაქვს და მათზე უარის თქმა გაგვიჭირდება. ახლა ყველა რთულ ვითარებაში ვართ და ხელფასების აღებას ველით. ასე რომ, საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს“.

რუსეთის პრემიერლიგის 16 გუნდიდან ორის კაპიტანი ქართველია – გიორგი შელიას გარდა, კაპიტნის რანგით მოსკოვის „სპარტაკი“ მცველ გიორგი ჯიქიას გაჰყავს – ორივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა, ხოლო ჯიქია რუსეთის ნაკრების წევრია.