რუსული გამოცემა კლუბებს მამარდაშვილის აყვანას ურჩევს - ის ევროპის ნებისმიერ კლუბში შეიძლებოდა გადასულიყო
რუსული გამოცემა კლუბებს მამარდაშვილის აყვანას ურჩევს - ის ევროპის ნებისმიერ კლუბში შეიძლებოდა გადასულიყო

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის „ლოკომოტივის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც უეფა-მ მომავლის ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდებში დაასახელა, ამჯერად რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

„რუსი გულშემატკივრები მამარდაშვილს სექტემბერში ნახავდნენ. ის მონაწილეობდა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩში, რომელშიც რუსული კლუბი სამარცხვინოდ დამარცხდა. როგორ არ სცადა „დინამომ“, მაგრამ ახალგაზრდა მეკარის კარის აღება მხოლოდ პენალტიდან, თანაც 90-ე წუთზე შეძლო. უკრაინელმა მცველმა ორდეცმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ ამ თამაშის შემდეგ მამარდაშვილი ევროპის ნებისმიერ კლუბში შეიძლებოდა გაყიდულიყო“, – წერს „სპორტ.რუ“.

გამოცემა რუსულ კლუბს 20 წლის ქართველი მეკარის აყვანას ურჩევს: „ეს არ იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარის ბოლო გამორჩეული გამოსვლა. შემდეგ ტურში მან „გრანადასთან“ თამაშში შვიდი სეივი გააკეთა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ კარი ხელუხლებელი დარჩენილიყო. რუსული კლუბები უფრო ახლოს უნდა გაეცნონ ახალგაზრდა ნიჭს, მით უმეტეს, რომ ის ინტერნეტ სააგენტო „ტრანსფერმარკეტის“ მიხედვით, ჯერჯერობით არც ისე ძვირად ფასდება – 500 000 ევროდ“.