რუსული დრონების შეტევამ XIX საუკუნის საკათედრო ტაძარი, უნივერსიტეტი, კიევის უძველესი სახლი და ევროკავშირის საელჩოები დააზიანა
წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძარი / ფოტო: სტანისლავ სვირიდი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი
19 ნოემბერს, კიევზე რუსული დრონებით განხორციელებული თავდასხმისას, აფეთქების ტალღამ და ჩამოცვენილმა ნამსხვრევებმა არაერთი არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი, აგრეთვე დიპლომატიური წარმომადგენლობები და უფლებადამცველი ორგანიზაციების ოფისები დააზიანა. კერძოდ, დარტყმის შედეგად ზიანი მიადგა წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძარს, პოდოლის რაიონში მდებარე ქალაქის უძველეს საცხოვრებელ სახლს, მიხაილ დრაგომანოვის სახელობის უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერიტორიას, ასევე ნიდერლანდებისა და ავსტრიის საელჩოებს.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძარი – XIX საუკუნის მეორე ნახევარში აგებული ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი.
დრონის ნამსხვრევები საკათედრო ტაძრის უშუალო სიახლოვეს ჩამოვარდა, რის გამოც აფეთქების ტალღამ ფანჯრები და ჩარჩოები ჩაამსხვრია, ხოლო მინის ნამსხვრევები ტაძრის შიგნით დაცვივდა. იერიშის მომენტში ტაძარში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა; მსახურება არ შეწყვეტილა და არავინ დაშავებულა. საკათედრო ტაძრის წინამძღვრის, მამა ბორისის თქმით, ტაძარში დაცული ფრესკები, ხატები და სხვა სიწმინდეები უვნებელი გადარჩა.

სასულიერო პირმა, ალექსანდრე შმურიგინმა რადიო „კულტურის“ ეთერში დააზუსტა, რომ ყველაზე მეტად აფეთქების ეპიცენტრთან ახლოს მდებარე საკურთხევლის ნაწილი დაზიანდა. ასევე ჩაიმსხვრა ფანჯრები, მეორე სართულზე მდებარე წმინდა ბორისისა და გლების სახელობის ეკვდერში ჩამოვარდა ფანჯრის ჩარჩო და დაიმსხვრა ცენტრალური გუმბათის შემინვა.
საკათედრო ტაძრიდან უკვე გატანილია მინის ნამსხვრევები და მუშებმა, სიცივისა და ნესტისგან შიდა სივრცის დასაცავად, პოლიეთილენის ნაჭრებით ფანჯრების დაფარვა დაიწყეს. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, მიტროპოლიტ ეპიფანესა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ტაძრის დათვალიერების შემდეგ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საკათედრო ტაძარი სარესტავრაციო სამუშაოებისთვის მზადდება.
იმავე დღეს დაზიანდა კიევის უძველესი საცხოვრებელი სახლიც, რომელიც ფროლივსკას ქუჩის №3-ში მდებარეობს და 1798 წელს დიდგვაროვან ლეონტი ვიშნევსკის სახსრებით აშენდა. „ძველი კიევის“ (სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული ნაკრძალი – რედ.) ფარგლებში მდებარე შენობამ 1806 და 1811 წლების პოდოლის დიდ ხანძრებს გაუძლო და დღემდე შემოინახა XVIII საუკუნის ბოლოს აგებული პირველი სართულის თაღები და XIX საუკუნის ბოლოს დამზადებული ხის კიბეები.
ნაკრძალის დირექტორის, რომან მალენკოვის განცხადებით, ქალაქის უძველეს შენობას ჩაემსხვრა ფანჯრები და კარი, ასევე დაუზიანდა კედლები და სახურავი. მთლიანობაში, ნაკრძალის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ათზე მეტი ძეგლი დაზიანდა. ყველაზე მძიმე ნგრევა ფროლივსკას ქუჩის №1ა-ში მდებარე XIX საუკუნის შენობამ განიცადა – ჩამოინგრა ზედა სართულის კედლის ნაწილი, ხოლო ერთი ბინა და სახურავი მთლიანად განადგურდა. ჭურვის პირდაპირი მოხვედრა დაფიქსირდა ვოზდვიჟენსკას ქუჩის №38-ში, ხოლო კონტრაქტოვას მოედნის №1/7-ში მდებარე ისტორიულ შენობებსა და მიმდებარე ნაგებობებში ფანჯრები ჩაიმსხვრა.
მალენკოვმა დასძინა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ინსპექტორებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს შენობების შიდა ნაწილების საფუძვლიანად დათვალიერება და ზარალის სრული მასშტაბის შეფასება, რისი მიზეზიც ხანგრძლივი საჰაერო განგაში, სახანძრო-სამაშველო სამუშაოები და განმეორებითი დარტყმების საფრთხის გამო მაშველების მიერ ობიექტებთან მიახლოებაზე დაწესებული შეზღუდვებია.

გარდა ამისა, აფეთქების ტალღამ 40 ფანჯარა ჩაამსხვრია მიხაილ დრაგომანოვის სახელობის უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში, რომელსაც კიევის ისტორიული ძეგლისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ასევე დაზიანდა ფანჯრები და ავტომობილები ავსტრიის საელჩოს სიახლოვეს. დრონის ნამსხვრევები ჩამოცვივდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე, ხოლო აფეთქების ტალღამ მინები ჩაამსხვრია უკრაინის ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კავშირის (UHHRU) ოფისში. 19 ნოემბერს კიევზე განხორციელებულ თავდასხმებს, მთლიანობაში, ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ხუთი დაშავდა.