რუსული ბიატლონი ისევ კანონგარეშეა
ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირმა რუსეთის ბიატლონისტთა კავშირს წევრობის აღდგენაზე უარი უთხრა. ასეთი გადაწყვეტილება კონგრესზე მიიღეს, რომელიც ხორვატიაში მიმდინარეობს, – ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.
დელეგატთა უმრავლესობა რუსული ორგანიზაციის წევრობის აღდგენის წინააღმდეგ წავიდა. რუსებს დისკვალიფიკაცია 2017 წლის დეკემბერში მისცეს ცნობილი დოპინგ-სკანდალის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ 30 აგვისტოს ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირმა ოთხი რუსი სპორტსმენი დაადანაშაულა ანტისადოპინგო წესების დარღვევაში. მათ შორის არიან ოლიმპიური ჩემპიონები – ევგენი უსტიუგოვი და სვეტლანა სლეპცოვა.
გარდა ამისა, პორტალმა InsideTheGames-მა გამოაცხადა, რომ აკრძალული პრეპარატების მიღებაში ეჭვმიტანილია 65 რუსი სპორტსმენი.
პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე რუსმა ბიატლონისტებმა, რომლებიც ოლიმპიური დროშის ქვეშ გამოდიოდნენ, ანტირეკორდი დაამყარეს – მათ ვერც ერთი მედალი ვერ მოიპოვეს.