რუსულ სატვირთო გემს ფინეთის ყურეში დრონებით სავარაუდო თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა

14:26, 22.11.2026
დაზიანებული რუსული სატვირთო ხომალდი „სპარტა II“ ფინეთის ყურეში. 2026 წლის 21 ნოემბერი

დაზიანებული რუსული სატვირთო ხომალდი „სპარტა II“ ფინეთის ყურეში. 2026 წლის 21 ნოემბერი

შაბათს დილით, მშრალი ტვირთის გადამზიდ რუსულ გემს, „სპარტა II“-ს ფინეთის ყურეში ცეცხლი გაუჩნდა. რუსეთის ოფიციალური პირების მტკიცებით, საზღვაო ხომალდს ორი დრონი დაესხა თავს.

სოციალურ ქსელ X-ზე ფინეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ „სპარტა II“-ზე დრონებით იერიში განხორციელდა და დასძინა, რომ უკრაინას აქვს „უფლება, აგრესორს საპასუხო დარტყმა მიაყენოს“.

ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის (PPA) ცნობით, აფეთქებები, რომლებმაც გემი დააზიანა, მაშინ მოხდა, როდესაც საზღვაო ხომალდი ესტონეთის ეკონომიკურ ზონაში, თუმცა სანკტ-პეტერბურგის საზღვაო-სამაშველო ცენტრის პასუხისმგებლობის არეალში, საერთაშორისო გემებისთვის ღია სანაოსნო გზაზე იმყოფებოდა. მოგვიანებით, გემი დრეიფით ჩრდილოეთით, ფინეთის წყლებში გადავიდა.

სამაშველო და ნავთობის დაღვრის პრევენციის სამუშაოებს ფინეთის სასაზღვრო დაცვა ხელმძღვანელობს. უწყების განცხადებით, ცეცხლმოკიდებული და დაზიანებული ხომალდი საერთაშორისო წყლებიდან ფინეთის ტერიტორიულ წყლებში, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში შევიდა და შექმნილი ვითარება სხვა გემებს საფრთხეს არ უქმნის. ფინეთის სასაზღვრო დაცვა საზღვაო-სამაშველო და ნავთობის შესაძლო დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაციას ადგილობრივ და საერთაშორისო უწყებებთან ერთად ახორციელებს.

მანამდე, ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმა საერთაშორისო წყლებში მოხდა, რის შედეგადაც გემი დაზიანდა. უწყებამ მომხდარის შესახებ მოკავშირეებს შეატყობინა, შემთხვევის ადგილზე კი სასაზღვრო დაცვის დანაყოფები გაგზავნა.

სოციალურ ქსელ X-ზე ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ დაწერა: „ომი ჩვენს უშუალო სიახლოვეშიც ვრცელდება. ფინეთის შესაბამისი უწყებები შექმნილ ვითარებას აკონტროლებენ ფინეთის ყურეში, სადაც რუსულ სავაჭრო გემს დრონებით დაარტყეს. უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების განხორციელების უფლება აქვს“.

„ტვირთის გადამზიდი რუსული გემი „სპარტა II“ ფინეთის ყურეში იწვის. მას, დიდი ალბათობით, უკრაინული დრონები ან რაკეტები მოხვდა“, – წერს ფინელი ბლოგერი, პეტრი მიაკელა (@pmakela1), რომელიც სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტია.

ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის (PPA) საავიაციო და საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრმა რუსეთის კუთვნილ „სპარტა II“-ზე გაჩენილი ხანძრისა და აფეთქებების შესახებ პირველადი შეტყობინება შაბათს, დილის 9:35 საათზე მიიღო. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (Yle) მიერ ციტირებული PPA-ს განცხადების თანახმად, ხომალდი სანკტ-პეტერბურგიდან იყო გამოსული.

PPA-ს მორიგე ოფიცერმა, ანდრეს ტიიკმა განაცხადა, რომ ესტონეთის ხელისუფლება ფინელ კოლეგებთან ერთად ინციდენტს აკვირდება და რეაგირებას იმ შემთხვევაში მოახდენს, თუ რუსეთი საერთაშორისო დახმარებას მოითხოვს. ამ დროისთვის ზღვის დაბინძურების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ინციდენტის დროს, „სპარტა II“ ესტონეთის კუნძულ ვაინდლოოდან ჩრდილოეთით 11 საზღვაო მილის დაშორებით, საერთაშორისო სანაოსნო გზაზე, სანკტ-პეტერბურგის საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ზონაში მოძრაობდა. არსებული მონაცემებით, ხომალდი ესტონეთის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონიდან დაახლოებით დილის 10 საათზე გავიდა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის კლასიფიკაციით, „სპარტა II“ არის ხომალდი, რომელსაც იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გადააქვს. ის აშშ-ის სანქციების სიაშია შეყვანილი.

მანამდე, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე დროზდენკომ „ტელეგრამ-არხზე“ დაწერა, რომ კალინინგრადისკენ მიმავალ სატვირთო გემს ორი დრონი რუსეთის საზღვრიდან 3 საზღვაო მილში, ნეიტრალურ წყლებში დაესხა თავს. მისივე განცხადებით, ზარალის შეფასების პარალელურად, ჩატარდა ეკიპაჟის ევაკუაცია.

Yle-ს ცნობით კი, შაბათს ფინეთის თავდაცვის ძალებმა ფინეთის ყურეში საზღვაო და საჰაერო მიმოსვლაზე დროებითი შეზღუდვები ორჯერ დააწესა – პირველად ადრე დილიდან 7:43 საათამდე, ხოლო მეორედ – დაახლოებით 9:30 საათზე. ფინეთის გენერალურმა შტაბმა განმარტა, რომ შეზღუდვების ხელახლა დაწესება კონკრეტულ, უშუალო საფრთხეს არ უკავშირდებოდა და წარმოადგენდა პრევენციულ ზომას ნატოს საჰაერო სივრცეში უკრაინული დრონების შესაძლო შესვლის თავიდან ასაცილებლად. სწორედ ამ რისკის გამო ჩაირთო დილით ადრე განგაშის სიგნალი (EE-ALARM) ჩრდილო-აღმოსავლეთ ესტონეთშიც.

რუსული მედიის ინფორმაციით, ღამით ლენინგრადის ოლქში 60-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.

PPA: ფინეთის წყლებში შესვლამდე, გემის კაპიტნის ხიდურას ცეცხლი ეკიდა

დღის მეორე ნახევარში გავრცელებულ განახლებულ ინფორმაციაში, ესტონეთის PPA-ს მორიგე ოფიცერმა, ანდრეს ტიიკმა განაცხადა, რომ აფეთქებებმა „სპარტა II“-ის კაპიტნის ხიდურაზე ხანძარი გამოიწვია და ეს მოხდა მანამდე, ვიდრე ხომალდი ფინეთის ტერიტორიულ წყლებში გადავიდოდა, სადაც ფინეთის ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, ეკიპაჟის ევაკუაცია განახორციელა.

ტიიკმა დასძინა, რომ PPA-მ სამაშველო ვერტმფრენი მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვანა, თუმცა რუსეთის სანკტ-პეტერბურგის საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს დახმარება არ უთხოვია.

ფინეთის სასაზღვრო დაცვამ კი აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვაო-სამაშველო უწყებებთან კონტაქტზე იმყოფება. პარალელურად, რუსულმა მედიამ ღამით ჩამოგდებული დრონების რაოდენობის შესახებ მონაცემები განაახლა და განაცხადა, რომ ლენინგრადის ოლქში 80 დრონი ჩამოაგდეს.

სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR – Eesti Rahvusringhääling)

ფოტო: ფინეთის სასაზღვრო დაცვის სამსახური (RAJA)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი, 2026, 11:41 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი