რუსულ პორტში გაჩენილი ხანძარი ესტონეთიდანაც ჩანს (ვიდეო)

14:20, 11.11.2026
უსტ-ლუგის (რუსეთი) პორტში გაჩენილი ხანძარი ესტონეთის ქალაქ სილამიაედანაც ჩანს / ფოტოს ავტორი: დიმიტრი ფედოტკინი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

უსტ-ლუგის (რუსეთი) პორტში გაჩენილი ხანძარი ესტონეთის ქალაქ სილამიაედანაც ჩანს / ფოტოს ავტორი: დიმიტრი ფედოტკინი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ოთხშაბათს დილით, უსტ-ლუგის (რუსეთის) პორტში გაჩენილი ხანძარი ესტონეთის ტერიტორიიდანაც ჩანდა. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პორტს უკრაინული დრონებით შეუტიეს.

როგორც იდა-ვირუმაას მაზრაში მყოფი ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERR) კორესპონდენტი, დიმიტრი ფედოტკინი იუწყება, რუსულ უსტ-ლუგის პორტზე თავდასხმის შემდეგ გაჩენილი ხანძრის დანახვა ნარვიდან, სინიმიაედან და სილამიაედანაც შეიძლებოდა.

გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოზე (იხილეთ ქვემოთ – რედ.) გარკვევით ჩანს ნარინჯისფერი ცეცხლი, რომელიც ბალტიის ზღვის ჰორიზონტზე ციმციმებს.

ოთხშაბათს დილით, ჰაერიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაფრთხილება ესტონეთის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის 8 მაზრაში გაავრცელა.

მსგავსი გაფრთხილებები ადრეც ყოფილა, როდესაც უკრაინული დრონები რუსულ ინფრასტრუქტურას უტევდნენ. მაშინ რადიოელექტრონული ბრძოლის რუსულმა საშუალებებმა უკრაინულ დრონებს კურსი შეუცვალეს, რის გამოც ისინი ბალტიის ან ფინეთის საჰაერო სივრცეში მოხვდნენ…

გამოცემა „კიევ ინდეპენდენტი“, მონიტორინგის არხებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ღამით უკრაინულმა დრონებმა ლენინგრადის ოლქში, ბალტიის ზღვაზე მდებარე უსტ-ლუგის პორტს მიაყენეს დარტყმა.

თავის მხრივ, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა, რომ დრონების თავდასხმამ ესტონეთიდან დაახლოებით 36 კილომეტრში მდებარე უსტ-ლუგის პორტის ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც 3 მუშა დაშავდა.

უსტ-ლუგა რუსეთისთვის ნავთობის, ნავთობპროდუქტების, მარცვლეულისა და სხვა საქონლის ექსპორტის უმთავრეს პორტს წარმოადგენს. აღნიშნული ობიექტი ევროკავშირის, კანადის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ისა და შვეიცარიის მიერ არის სანქცირებული, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში მისი როლის გამო.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ცნობით, პორტი რუსული ნედლი ნავთობის გადასაზიდად გამოიყენება, რომლის ტრანსპორტირება ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებით და სხვა არარეგულარული და მაღალი რისკის შემცველი საშუალებებით ხდება.

ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფებმა, სასაზღვრო ქალაქ ნარვიდან, მიმდინარე წლის მარტშიც გადაიღეს კადრები, რომელშიც უსტ-ლუგის პორტიდან ამავალი კვამლი ჩანდა.

აპრილში, ესტონეთის გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე აღმოჩენილი მაზუთით დაბინძურების წყარო უსტ-ლუგის რეგიონიდან მოდიოდა, სადაც მარტში უკრაინა ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს დაესხა თავს.

 

ესტონეთის ტერიტორიიდან გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც უსტ-ლუგის პორტში გაჩენილ ხანძარს ასახავს

სტატიის, ფოტოს და ვიდეოს ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR – Eesti Rahvusringhääling)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი, 2026 წელი, 07:29 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი