რუსუდან ჯაფარიძე - თაღლითობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, ანუ მტრები გვყავს ტურიზმში
რუსუდან ჯაფარიძე - თაღლითობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, ანუ მტრები გვყავს ტურიზმში

თაღლითობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, ანუ მტრები გვყავს ტურიზმში, – ამის შესახებ გიდმა, რუსუდან ჯაფარიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამაზე დიდი ამბავი უნდა ავტეხოთ. ჩემი სტუმრები ღამის კლუბებში არ შედიან, მაგრამ დღის რესტორნებში ნიგოზი სადაც უნდა იყოს, იქ მზესუმზირა მხვდება. შესაძლოა, ტურისტმა არ იცის და ვერ ხვდება, მაგრამ მე ხომ ვიცი“, – განაცხადა რუსუდან ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ადამიანების უმრავლესობას შეგნების დეფიციტი აქვს. უნდათ, ერთ დღეში გამდიდრდნენ და ამიტომ, ტურისტებს უხარისხო სერვისს და ათმაგ ფასებს სთავაზობენ.

„ტურისტს კოლმეურნეობის მოედნიდან მთაწმინდამდე რომ 50 ლარს სთხოვ, შენ საქართველოს მტერი ხარ. ამით ვერ გამდიდრდებიან, მაგრამ აქ დღევანდელი კვერცხის თემაა. მათ იციან, რომ ამ მომენტში შეუძლიათ, ისარგებლონ და არ სჯერათ, რომ ჩვენ პატიოსნად ვმუშაობთ და დამსახურებულად ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. ეს ყველაფერი ჩვენ ნერვების, ცოდნისა და ენერგიის ფასად გვიჯდება, მაგრამ ამის არ სჯერა არც ერთ ტაქსის მძღოლს, არც ერთ ოფიციანტს და ა.შ.“ – განაცხადა რუსუდან ჯაფარიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მასშტაბურია საქართველოში ტურისტების საკმაოდ კარგად აწყობილი თაღლითური სქემით მოტყუების ფაქტები და მიმართავენ თუ არა ტურისტები მას, როგორც გიდს რჩევისთვის, რუსუდან ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ, რა თქმა უნდა, სმენია და უნახავს კიდეც, მაგრამ პირად პრაქტიკაში არ ჰქონია შემთხვევა, როცა ტურისტმა მიმართა, რომ მოატყუეს.

„გიდებს ერთმანეთის პრაქტიკით ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. გვაქვს ჩვენი დახურული ჯგუფები. მე „გიდ ინფოს“ ადმინი ვარ და ჩვენთან დაახლოებით, 5 000-ზე მეტი ადამიანია, ვინც ტურიზმში მუშაობს. ჯგუფში ცხელი ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და ყველამ ვიცით, ვის სად რა შეემთხვა. ამიტომ, ჩემს ტურისტებს წინასწარ ვაფრთხილებ, სად არ უნდა შევიდნენ. ვეუბნები, რომ თუ ასეთ ადგილებში შევლენ, მე აღარ ვაგებ პასუხს და აუცილებლად ვაფრთხილებ, რომ რასაც მენიუდან აიღებენ, იმ წუთშივე გადაიხადონ. ანუ, გადასახადი არ დაიგროვონ. თუ ტურისტი ღამით მაინც შედის კლუბში, ეს მისი ყველაზე კარგი დაცვაა. იმიტომ, რომ იმ წუთში ვერ მოატყუებენ, რადგან ხელში უჭირავს სასმელი და ჩეკს ასწორებს“, – განაცხადა რუსუდან ჯაფარიძემ.

მისი თქმით, პრომო გოგონების სქემაში, რომლითაც ტურისტებს ატყუებენ, ყველაზე ხშირად ინდოელი ტურისტები ხვდებიან, რადგან მათ ინგლისური კარგად არ იციან.

„ჩვენ ჯგუფში მომწერეს ერთი შემთხვევის შესახებ. კლუბში ორი ინდოელი ბიჭი შევიდა, რომლებმაც ბართან თავისთვის ორი ჭიქა ლუდი აიღეს. მათ ორი გოგო მიუჯდა და უთხრეს, მაგიდასთან გადავჯდეთო. მაგიდასთან დაგასვეს და ორი ჭიქა შამპანიური შეუკვეთეს. საბოლოოდ, 2 500-ლარიანი ჩეკი მოუტანეს. ამის შემდეგ თავზე ყვირილით დაადგნენ დაცვის თანამშრომლები და ორი უცხოელი ბიჭი, რომელიც ქალაქის ცენტრში კლუბში გიდის გარეშე იყო, იმ დონეზე გაატყავეს, აქეთ ეხვეწებოდნენ, ანგარიშზე ტაქსის ფული მაინც დაგვიტოვეთო. ანუ, ანგარიშზე რა თანხაც ნახეს, მთლიანად წაიღეს. 2 500 ლარი მოხსნეს ანგარიშიდან. ამ ტურისტებს განაღდებული ქვითარი უჭირავთ ხელში“, – განაცხადა რუსუდან ჯაფარიძემ.

როგორც რუსუდან ჯაფარიძემ აღნიშნა, ნებაა საჭირო იმისთვის, რომ სქემა ჩაირთოს ტურისტების თაღლითობისგან დასაცავად და ამ შემთხვევაში პრობლემა მარტივად აღმოიფხვრება.