რუსუდან ჯაფარიძე - არ ვიცით, რეგულაციებს რომ ავაფარებთ, ჩამოვლენ თუ არა ტურისტები
რუსუდან ჯაფარიძე - არ ვიცით, რეგულაციებს რომ ავაფარებთ, ჩამოვლენ თუ არა ტურისტები

არ ვიცით, რეგულაციებს რომ ავაფარებთ, ჩამოვლენ თუ არა ტურისტები, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა გიდმა და „საქართველოს გიდების ასოციაციის“ წევრმა, რუსუდან ჯაფარიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ნეტავ, ტურისტი ჩამოვიდოდეს და დღეს გამოსავალი ეს არის, სხვა არაფერი. იმიტომ, რომ ჯერ მოლაპარაკება რეალურად, რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს და ისიც არ ვიცით, ჩამოვლენ თუ არა, ამ რეგულაციებს რომ ავაფარებთ, შვიდნი ერთ ტრანსპორტში ვერ ჩასხდებით და ამიტომ 15-კაციანი ავტომობილი უნდა იქირაოთ-თქო. რეგულაციაში წერია, რომ მძღოლს ცალკე თერმომეტრი უნდა ჰქონდეს და გიდს თავისი. საუბარია მინიმუმ, ასდოლარიან თერმომეტრზე. მე, როგორც კომპანიას, მაგალითად, ათი გიდი თუ მყავს გაშვებული, ესე იგი, ათი ასეთი თერმომეტრი უნდა მქონდეს, ხომ. არ უარვყოფთ იმას, რომ კოვიდია იქაც, ჩვენთანაც და საფრთხე საერთოა, მაგრამ ხარჯები ჩვენც გვემატება და ეს ყველაფერი ტურს ძალიან აძვირებს. ექვსი თვე სახლში ვისხედით და არც ერთს თეთრი არ გამოგვიმუშავებია. ანუ, ხარჯები ჩვენც გვემატება და გვეზრდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ რეგულაციებიდან რამდენიმე პუნქტის ამოღება მოხდა, მაგრამ ზოგიერთი წესის შესრულება, რასაც შემოღებული რეგულაციები მოითხოვს, შეუძლებელია.

„ამ შეხვედრებმა მოგვიტანა ის, რომ ამოღებულია მაგალითად, ხუთ კაცზე ერთჯერადი მიკროფონის და ერთჯერადი ყურსასმენების ვალდებულება. რამდენიმე ისეთი პუნქტი ამოიღეს, ამისთვის მართლაც მადლობა, მაგრამ ძალიან რთულია, მძღოლმა ერთი და იგივე ხალხი ორ საათში ერთხელ გააჩეროს და მანქანა გაწმინდოს. არ ვიცი, ვინ მაკონტროლებს, როგორ მაკონტროლებს, მაგრამ მე ეს აუცილებლად უნდა დავიცვა. იმიტომ, რომ აქ ჯარიმებზეა საუბარი. ანუ, დამატებით დროსაც ვკარგავ, ენერგიასაც ვხარჯავ, ნერვებსაც და ამ დროს ტურში ბევრი რაღაც ფუჭდება. არ მესმის, ორ საათში ერთხელ რატომ ვაჩერებ?! მე ხომ არც მგზავრი გამომიცვლია და არც მძღოლი?! ნიღბები შევცვალეთ, მანქანა გავწმინდეთ, ვისადილეთ, გავჩერდით, ისევ მანქანაში დავსხედით და ორ საათში კიდევ რატომ ვაჩერებ?!“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც გიდმა აღნიშნა, მძღოლსა და გიდს შორის ხარიხის ჩასმის ვალდებულება დამატებით საფრთხეს შეიცავს.

„ტურიზმში ყველაზე აქტუალური ტრანსპორტი „მინივენია“. იმიტომ, რომ ძირითადად, ოჯახები გვყავს და პატარა წრეა, რომლისთვისაც ვთქვათ, „სპრინტერი“ დამატებითი ხარჯია. „მინივენით“ ერთი და იგივე ოჯახი რომ ერთი კვირა დაგყავს, მთაში, ბარში და ყველგან, ხარიხა დამატებით საფრთხეს გიქმნის. თეორიულად, ფურცელზე ძალიან კარგია, რომ გიდს და მძღოლს არავინ მიედოს და ხარიხა გიდსა და მძღოლს შორისაც იყოს, მაგრამ ძალიან რთულია, ეს პრაქტიკაში წარმოიდგინო და რეალურად, ეს შეუძლებელია. ყველა ტრანსპორტს სარკეების სისტემა სპეციალურად ისე აქვს მოწყობილი, რომ მხედველობის დროს დამატებითი ბარიერი არ ჰქონდეს და როცა მანქანაში ყველას ნიღაბი უკეთია და ორ საათში ერთხელ ყველაფრის სტერილიზაცია ხდება, ასეთ ტრანსპორტში ხარიხა დამატებითი საფრთხის შემცველია. არ ვამბობ, რომ ხარიხა საჭირო არ არის ავტობუსში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, თუ 30-კაციანი ჯგუფისთვის ორ ავტობუსს, ორ მძღოლს და ორ გიდს იქირავებ, ტური ისეთი ფასი გახდება, რომ ტურისტი კოსმოსში წავა და არა საქართველოში.