რუსუდან გოცირიძე - სამართლიანობის გარეშე მშვიდობა და შერიგება არის უსამართლობაზე თვალის დახუჭვა, როგორ უნდა შეურიგდეს აქციის მონაწილე ახალგაზრდა პოლიციელს? ვისთან უნდა შევარიგოთ ეს ადამიანები?
დღესაც ვიყავი აქციაზე, თუმცა ამჯერად ვიყავი არა როგორც რიგითი მოქალაქე, არამედ ანაფორით შემოსილი, – ამის შესახებ საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
„იქ ვიყავით სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები და მრევლი ერთად, რათა ერთად დაგველაპარაკა, დაგვენახვებინა ჩვენი ქვენისთვის, ხელისუფლებისათვის, ძალოვანებისთვის, რანაირად ვხედავთ დღევანდელ მდგომარეობას. ჩვენ იქ დავდექით, რათა გვეთქვა ფორმიანი კაცებისთვის, რომ ძალადობაზე უარი ეთქვათ; დავდექით, რათა გვეთქვა, რომ ჩვენ ვდგავართ ნამდვილი მშვიდობის მხარეს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სიტყვა მშვიდობას ძალიან დიდი ჩრდილი მიადგა საქართველოში და რაღაცნაირად, მშვიდობა გახდა სინონიმი ჩუმად ყოფნისა, თანხმობისა, უსამართლობაზე თვალის დახუჭვისა და ჩვენი ერთად დგომის მთავარი სათქმელი იყო: ნამდვილი მშვიდობისკენ – ერთად. ჩვენ გვინდოდა, სხვადასხვა რელიგიის სასულიერო პირებს გვეთქვა, ჩვენ ვგმობთ იმ ძალადობას, რომელიც ხდება დღეს საქართველოში“, – განაცხადა გოცირიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციას და ბულინგს განსხვავებული მოსაზრებების გამო, რაც დღითი დღე უფრო ღრმავდება, რაში ხედავს გამოსავალს და რა უნდა გაკეთდეს, რომ განსხვავებული პოზიციების ადამიანებმა ერთად დასხდომა მოახერხონ, როგორიც იყო, მაგალითად, პირველი არხის შეთავაზება, რომ დისკუსიის ფორმატში განსხვავებული პოზიციების ადამიანებს ემსჯელათ გამოსავალზე, რაზეც არხმა უარი მიიღო, რუსუდან გოცირიძემ განაცხადა, რომ სტუდიაში დაჯდომასთან დაკავშირებით ამ უარის შესახებ ახლა შეიტყო და არ იცის, რა მსჯელობა დგას ამის უკან.
„რაც შეეხება ბულინგს, ძალიან ხშირად კრიტიკას ვეძახით ხოლმე ბულინგს. ბულინგს აქვს ძალიან კონკრეტული განმარტება. ბულინგი არის, როდესაც ძალაუფლების მქონე ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ახდენს ზეწოლას და დამცირებას იმ ადამიანების ჯგუფისა, რომლებიც უფრო ნაკლები ძალაუფლების მქონენი ან მარგინალიზებულ მდგომარეობაში არიან. ასე რომ, კრიტიკის შემთხვევაში, როდესაც აკრიტიკებ, მაგალითად, ხელისუფლებას, პოლიტიკურ ფიგურას და აკრიტიკებ ადამიანს, რომელიც შვილებს გიცემს და გილეწავს, მასზე ლაპარაკი ბულინგი არ არის“, – განაცხადა გოცირიძემ.
მაკა ცინცაძემ გადაცემის სტუმარს დაუზუსტა, რომ ამ შემთხვევაში საუბრობს და ეკითხება არა ხელისუფლებაზე, არამედ საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებაზე და განსხვავებული პოზიციების მიმღებლობის პრობლემაზე, რაზეც რუსუდან გოცირიძემ განაცხადა, რომ შერიგებას აქვს თავისი საფეხურები და შერიგებას აქვს თავისი გზა.
„სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ ან გვეიოლება გადახტომა ამ ნაბიჯებისა. მაგალითად, ბოდიში მოვუხადოთ იმას, ვინც დაგვიხოცა შვილები. ასე არ ხდება. ბოდიში არის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი იარაღი შერიგების, ოღონდ ამას აქვს თავისი ადგილი, თავისი დრო და წინარე ნაბიჯები თუ არ იქნება გადადგმული, ნაცემ და დასისხლიანებულ ადამიანებს თუ ეუბნები, შემირიგდიო, მაშინ, როდესაც შენ თავზე ადგახარ და ცემ, ასე არ გამოვა“, – განაცხადა გიცირიძემ.
შეკითხვაზე, რა არის ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისე საზოგადოების დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რათა მოხდეს ერთგვარი შერიგება, რადგან ფაქტია, განსხვავებული პოზიციების გამო ეს დაპირისპირება სოციალურ ქსელში ძალიან მძაფრად იგრძნობა, გოცირიძემ განაცხადა, რომ საზოგადოების, მოქალაქეების, ოჯახის წევრების, მეგობრების დაპირისპირება არის იმის შედეგი, რა უსამართლობასაც გარშემო ვხედავთ.
„ასე რომ, საზოგადოების დაახლოება და შერიგება უნდა მოხდეს იმ წყაროებიდან, საიდანაც მოდის უსამართლობა. თუკი უსამართლობის წყარო ისევ ჩადის უსამართლობას, შეუძლებელია, მოსთხოვო ადამიანებს, შერიგდნენ და ჩაეხუტონ ერთმანეთს“, – განაცხადა გოცირიძემ.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, აუცილებელია, ვინც დანაშაულს ჩადის და ვინც უსამართლობას აღვივებს, ეს წყარო შეიცვალოს.
„სხვანაირად არ გამოვა. მშვიდობა და შერიგება სამართლიანობის გარეშე არის უბრალოდ უსამართლობაზე თვალის დახუჭვა. თუ კონკრეტული მაგალითებით მკითხავთ, უფრო იოლი იქნება, იმიტომ, რომ ასე ვინ ვის უნდა შეურიგდეს? როგორ უნდა შეურიგდეს მეპროტესტე ახალგაზრდა პოლიციელს? ვისთან უნდა შევარიგოთ ეს ადამიანები?“ – განაცხადა გოცირიძემ.
დაშავებულ პოლიციელებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე რუსუდან გოცირიძემ თქვა, რომ 500-მდე ადამიანია დაჭერილი და მათგან 80% სასტიკად ნაცემი.
„როგორ შეიძლება ამ ძალადობებს შორის ტოლობის დადება?“ – აღნიშნა გოცირიძემ.
როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, ის არავის არაფერს ადარებს, უბრალოდ საუბრობს არა აქციის მონაწილესა და პოლიციელს შორის, არამედ საზოგადოებაში, განსხვავებული პოლიტიკური პოზიციების მქონე ადამიანებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე და მისი აღმოფხვრის გზებზე, რაზეც გოცირიძემ უპასუხა, რომ ეს დაპირისპირება იქნება, ვიდრე არ მოხდება ის, რომ მათ, ვისაც ბერკეტი აქვთ, უსამართლობა შეაჩერონ.
„მანამდე ძალიან ძნელია ამ დაპირისპირების შეჩერება“, – განაცხადა გოცირიძემ.