რუსუდან გოცირიძე - გოგონების შევიწროების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არასამართლიანია
რუსუდან გოცირიძე - გოგონების შევიწროების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არასამართლიანია

ჩვენ, ქალები იმ კულტურაში გავიზარდეთ, სადაც ქუჩაში დასტვენა და უხამსი სიტყვების მოძახება ძალიან პატარა ასაკიდან, ძალიან ხშირად ხდებოდა და კარგად ვიცოდით, გარეთ გასვლა რომელ საათზე შეიძლებოდა და რომელზე არა, – განაცხადა ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ეს პრობლემა როგორი იყო, ამის შესახებ მითუმეტეს კარგად ვიცოდით იმ ადამიანებმა, რომლებმაც მოზარდობისა და თინეიჯერობის ასაკი 90–იან წლებში გამოვიარეთ“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, დღეს ეს ყველაფერი იგივე მასშტაბით აღარ ხდება, მაგრამ პრობლემები არ შემცირებულა.

„მაგალითად, ტრანსპორტში გოგონების შევიწროების ამბები დღემდე ხდება. ერთ–ერთი ისტორია დღეს დილით წავიკითხე. ავტობუსში გოგონამ ასაკიან მამაკაცს ორი–სამჯერ უთხრა, თუ შეიძლება, ხელი გააჩერეთო, მაგრამ მამაკაცი მაინც არ გაჩერდა და გოგონამ ხმამაღლა ყვირილი დაიწყო. შედეგად, ამ კაცისგან გინება მიიღო და გარდა ამისა, ქალიან–კაციანად, მთელი ავტობუსი უზრდელ გოგონას ლანძღავდა, რომელმაც ასაკიან მამაკაცს შეურაცხყოფა მიაყენა. მას მხოლოდ ორი ქალი გამოესარჩლა“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, თუ უზენაესი ფასეულობა რეპუტაციაა, მაშინ ქალებს შეგვიძლია ვუთხრათ, ხმა არ ამოიღონ, რადგან ამით მათი რეპუტაციაც შეილახება და მოძალადისაც.

როგორც ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა აღნიშნა, გოგონების შევიწროების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არასამართლიანია.

„ცოტა ხნის წინ, როცა 15 წლის გოგონას ამბავი გამჟღავნდა, რომელსაც სკოლის მანდატური, თუ თანამშრომელი, 40 წლის კაცი სექსუალურად ავიწროებდა, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თურმე, 15 წლის გოგონა ძალიან აღვირახსნილი იყო და 40 წლის საწყალი კაცი აცდუნა“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, შეურაცხმყოფელია სტერეოტიპებზე აგებული მითები, რომ თითქოს, არავინ იცის, ქალებს რა სურთ და როცა ქალი არა–ს ამბობს, ეს კი–ს ნიშნავს.

„როცა ადამიანი არა–ს ამბობს, ეს არას ნიშნავს და როცა ხო–ს ამბობს, ხო–ს. ეს სახარებისეულიც არის. როცა ქალი ამბობს, არ მინდა, ნუ მეუბნები, ნუ მიგზავნი, ნუ მეხები, ნუ მხვდები და ა.შ, ეს აბსოლუტურად ცხადი მესიჯია, არც თუ ისე ძნელი გასარკვევია და ზღვარი სწორედ აქ გადის“, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.