რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლების სამმხრივ შეხვედრას ევროპული დელეგაცია არ დაესწრება, მათთან შეხვედრა ცალკე გაიმართება

18:00, 09.11.2026

უკრაინის დელეგაცია აბუ დაბიში გაემართა, სადაც რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრა უნდა გაიმართოს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ამავე დღეებში აბუ დაბიში ჩავლენ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ასევე ნატო-სა და ევროკომისიის წარმომადგენლები. თუმცა, მისი თქმით, მათთან მოლაპარაკებები ცალკე შედგება.

„ევროპელ პარტნიორებთან საკოორდინაციო შეხვედრას ცალკე გავმართავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მჭიდრო კოორდინაცია ყველა საკვანძო პარტნიორთან, უზრუნველვყოთ შეთანხმებული პოზიცია და საერთო გაგება მოლაპარაკებების პროცესში შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით“, – განაცხადა რუსტემ უმეროვმა.

მანამდე კრემლის პრესპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესში ევროპელები მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, აბუ დაბიში ევროკომისია და ევროპული საბჭო უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად დელეგაციას გზავნის, რომელსაც უხელმძღვანელებენ ევროკომისიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბიორნ ზაიბერტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას საგარეო პოლიტიკის მთავარი მრჩეველი ანა-მარია ბურა.

მსგავსი