რუსთავში თაღლითობის და ყალბი ოქროს ნაკეთობის გაყიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
რუსთავში თაღლითობის და ყალბი ოქროს ნაკეთობის გაყიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე, მოქალაქეს ყალბი ოქროს ყელსაბამი 400 ლარად მიჰყიდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, თაღლითური გზით მიღებული თანხა და სარეალიზაციოდ გამზადებული ყალბი ოქროს ნაკეთობა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია დ.ხ.-ს მიერ გაყიდული სამკაული.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.