რუსთავში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
რუსთავში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსთავში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ ჩართვისას ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა დაადასტურა.

მისი ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

„რუსთავში ოთხ დადასტურებულ ფაქტს მიემატა ორი ახალი შემთხვევა. ვადასტურებ რომ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი კავშირების და კლასტერის შესახებ ჯერ ამ წუთამდე ჩემთვის ცნობილი არ არის და როგორც კი გახდება შესაძლებელი, ჩვენ დამატებით დეტალურ ინფორმაციას ამ შემთხვევებთან დაკავშირებით მოგაწვდით.

მანამდე სად იმყოფებოდნენ ესენი, ვერ გეტყვით, ეს არის გვიან დადასტურებული ფაქტი. ამიტომ არ მაქვს მეტი ინფორმაცია და როგორც კი შევძლებთ იდენტიფიცირებას და კავშირების დადგენას, აუცილებლად მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27 მოქალაქე. რაც შეეხება რუსთავის ორი შემთხვევას, საუბარია ეროვნული ბანკის თანამშრომელსა და მის მეუღლეზე, რომელიც თბილისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მუშაობს.