რუსთავში ისტორიული ციხის რეაბილიტაცია იწყება
რუსთავში ისტორიული ციხის რეაბილიტაცია იწყება

რუსთავში ისტორიული ციხის რეაბილიტაცია იწყება.

როგორც რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა, ნაზი პაჭიკაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე დაიწყება ყველაზე მეტად დაზიანებული ციხის ჩრდილოეთ ზღუდის კონსერვაცია-გამაგრება.

„ეს მონაკვეთი ყველაზე დაზიანებულია, ჩამოშლის ზღვარზეა და სწორედ ამიტომ, ვიწყებთ აქედან სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს. უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავის ციხე-სიმაგრე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ყველაზე გამაგრებული ნაწილია და ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიის შემცველია მისი თითოეული მონაკვეთი. შესაბამისად, მისი კონსერვაცია-რეაბილიტაცია ძალზე სასარგებლო და აუცილებელი საქმეა. იგი კარგად წარმოაჩენს შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის აღნაგობას, სტრუქტურას და ზოგადად შუასაუკუნეების ციხეზე ბევრ ინფორმაციას გასცემს, როგორც ადგილობრივი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის“, – განაცხადა ნაზი პაჭიკაშვილმა.

სამუშაოები, რომლებიც დღეს დაიწყო, 120 ათასი ლარი ჯდება და მას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.