რუსთავში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მხატვრების ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო [ფოტო]
რუსთავში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მხატვრების ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო [ფოტო]

რუსთავში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე აღინიშნება.
სადღესასწაულო ღონისძიებები 09:00 საათზე დაიწყო.

ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობაა გამოფენილი.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 13:30 საათიდან კულტურისა და დასვენების პარკში გაგრძელდა.

პარკის ტერიტორიაზე მოეწყო რუსთაველი მხატვრების ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, წიგნების კუთხე, ფოტოგამოფენა სახელწოდებით – „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე”, ყვავილების ფესტივალი, ინტელექტუალური თამაში ,,რა, სად, როდის?’’, ფლეშმობი, ”Face art”, ანიმატორების შოუ, ქორეოგრაფიული კონცერტი ანსამბლების – ,,სალხინო“ და „მე რუსთველი’’ მონაწილეობით.

ტარდება შეჯიბრი სკეიტპარკში, ტურნირი ჭადრაკში და სხვადასხვა სპორტული თამაში.

17:10 საათზე, პარკში განთავსებული ამფითეატრის სცენიდან რუსთაველებს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მიულოცავენ.

17:15 საათზე კი ზუსტად იმ დროს, როცა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საზაფხულო კინოთეატრის სცენაზე, დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიებებია – საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ამსახველი ინსცენირებული წარმოდგენა გაიმართება.

26 მაისის სადღესასწაულო პროგრამას დღის ბოლოს საზეიმო კონცერტი დაასრულებს.

კონცერტი პარკის ამფითეატრში 19:30 საათზე დაიწყება და მასში ანსამბლი ,,სალხინო’’, ,,თუთარჩელა’’, მომღერალი ბაკო ალანია, მუსიკალური ჯგუფები – ,,გრუვერსი’’, ,,გროსოქტეტი’’, ,,ბისაიდს’’ მიიღებენ მონაწილეობას.