რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება მიმდინარეობს
რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება მიმდინარეობს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ რუსთავში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.

სააგენტოს დირექტორის, ჯაბა სირბილაძის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს დროში მოხდეს დევნილი ოჯახების ბინით დაკმაყოფილება.

იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონებშიც. უახლოეს მომავალში, ქალაქ რუსთავში, მე-18 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დევნილთა სააგენტოს გადაეცა ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი, 800 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება და იძულებით გადაადგილებული ოჯახები, ახალ ბინებს, დასრულებული რემონტით მიიღებენ.

ქალაქ რუსთავში საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს, განაცხადის გაკეთება პირველი აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ.

განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში.

ამ ეტაპზე, რუსთავში ბინის მოთხოვნით, განაცხადის შევსებას თბილისში, რუსთავში, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები შეძლებენ.

ინფორმაციას დევნილთა სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.