რუსთავში ახალი სამკერვალო საწარმო გაიხსნა
რუსთავში ახალი სამკერვალო საწარმო გაიხსნა

რუსთავში კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ახალი სამკერვალო საწარმოს გახსნის ღონისძიება გაიმართა.

„პანდემიის დროს, როდესაც ბევრ სხვა ქვეყანაში საწარმოები იკეტება, საქართველოში დასაქმების ახალი კერა – „ქართლი ტექსტილი“ გაიხსნა“, – განაცხადა ნათია თურნავამ გახსნის ღონისძიებაზე.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თანამედროვე აღჭურვილობითა და დასაქმების მაჩვენებლებით გამორჩეული საწარმო აშენდა რეკორდულ ვადებში – ოთხი თვის განმავლობაში მიდიოდა მშენებლობა და ერთი თვე დასჭირდა საწარმოს გაწყობა-ამოქმედებას, სწორედ პანდემიის დროს და იმ ანტიკრიზისული ღონისძიებების წყალობით, რომლებიც ხელისუფლებამ გაატარა.

„აჭარა ტექსტილმა“, როგორც ჯგუფმა, შეძლო, არაერთი გამოწვევის მიუხედავად, გაეგრძელებინა მუშაობა. ამავდროულად, მათ მოიპოვეს საგარეო საექსპორტო ბაზრებზე ახალი კონტრაქტები და უფრო სწრაფად აღადგინეს ექსპორტი, ვიდრე მათმა გლობალურმა კონკურენტებმა – მაგალითად, „ნაიკთან“ კონტრაქტი კომპანიამ სწორედ ამ პანდემიის დროს გააფორმა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ეკონიმიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ქართლი ტექსტილს“ სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფომ მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადასცა. საწარმოს მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხია.

კომპანია „აჭარა ტექსტილი“ წლების განმავლობაში თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან, მათ შორის ისეთებთან, როგორებიცაა Nike, ADIDAS, Lotto, Erima, New Balance და Under Armour. კომპანია 100 პროცენტით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, თურქული ინვესტიციით შექმნილი საწარმო 4 000 სამუშაო ადგილს შექმნის რუსთავსა და გარდაბანში.