რუსთავში ახალი ავტობუსები იმოძრავებს
რუსთავში ახალი ავტობუსები იმოძრავებს

ქალაქ რუსთავში ახალი ავტობუსები იმოძრავებს. „ევრო 5“-ის სტანდარტის 22 ახალი ავტობუსი რუსთაველებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის მოხსნისთანავე, 8 თებერვლიდან მოემსახურება. დღეს ქალაქის ცენტრში განახლებული ავტოპარკის პრეზენტაცია გაიმართა.

რუსთავში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით სხვადასხვა კატეგორიის 60 ათასი ადამიანი ისარგებლებს. შეღავათებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, შშმ პირები, ვეტერანები, მასწავლებლები, მოსწავლეები, სტუდენტები და პენსიონერები.

ახალი ავტობუსების პრეზენტაციას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავს 22 ერთეული „ევრო-5“ სტანდარტის ახალი ავტობუსი გადასცა, პროგრამით გათვალისწინებულ კიდევ 18 სატრანსპორტო საშუალებას კი, რუსთავი უახლოეს მომავალში მიიღებს. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში, 18.7 მილიონი ევროს ღირებულების თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას გულისხმობდა.