„რუსთავმა“ ჩემპიონი ცენტრიდან გატანილი გოლით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ლიდერების შეხვედრის ბედი ნამდვილმა შედევრმა გადაწყვიტა. მოქმედმა ჩემპიონმა და პირველადგილოსანმა „იბერიამ“ მეორე პოზიციაზე მყოფ „რუსთავს“ უმასპინძლა და ბოლო წუთებზე მოედნის ცენტრიდან გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა.

„მიხეილ მესხი – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში თბილისელებს პირველად უხელმძღვანელა ანდრეი დემჩენკომ, რომელიც ყაზახეთში და აზერბაიჯანში მუშაობის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, სადაც მანამდე გორის „დილას“ და ბათუმის „დინამოს“ ავარჯიშებდა.

„იბერიამ“ 42-ე წუთზე სტუმართა მეკარის შეცდომით ისარგებლა და ამირან ძაგანიას ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. 61-ე წუთზე „რუსთავის“ განელი ლეგიონერი პრინს ოსეი მცველებს გასცდა და ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 90-ე წუთზე კი ვაჟა ფაცაციამ საკუთარი მოედნის ნახევრიდან, დაახლოებით 70 მეტრიდან, წინ გამოსული მეკარე დაინახა, ზუსტად დაარტყა და ნამდვილი შედევრის ავტორი გახდა.

ევროტურნირების შესვენებამდე „იბერიამ“ ჩემპიონატის პირველ ნახევარში 30 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაქვეითდა, „რუსთავი“ (32) კი გალიდერდა – ტურის დარჩენილი მატჩების მიუხედავად, ორივე გუნდი პოზიციას შეინარჩუნებს.