რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში წვევამდელი დაიჭრა
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში წვევამდელი დაიჭრა

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში წვევამდელი დაიჭრა. როგორც პირველ არხს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს,  წვევამდელმა ხაჩატურ მანკასარიანმა სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

უწყების ცნობით, შემთხვევა 29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე მოხდა, როდესაც  ხაჩატურ მანკასარიანი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, წვევამდელს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე ხაჩატურ მანკასარიანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, კერძოდ, მე-17 პენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

იგი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად ხაჩატურ მანკასარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა მანკასარიანის ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა მომხდარი, თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი