რუსთავის „ხარებმა“ პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
რუსთავის „ხარებმა“ პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა

რაგბიში დიდი 10-ის 2019-2020წწ გათამაშების პირველი წრე დასრულდა. რუსთავის „ხარებმა“ მე-9 ტურში „ბათუმს“ უმასპინძლა და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი 17:10 დაამარცხა. ამ გამარჯვებით რუსთაველებმა გასული სეზონის ფინალურ მატჩში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებაც მოახერხეს და 29 ქულით ტურნირის სათავეშიც მოექცნენ. ზღვისპირელები მათ ერთი ქულით ჩამორჩებიან და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფებიან.

ლოკომოტივმა“ მიმდინარე სეზონზე მეხუთე მატჩი წააგო. რკინიგზელები „აკადემიას“ შეხვდნენ. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 13:5 მოიგეს. მეორე ნახევარში კი აკადემიელებმა „ლოკომოტივს“ 12 უპასუხო ქულა გაუტანეს და საბოლოოდ მეტოქეს 20 ქულიანი სხვაობით 25:5 სძლიეს. „აკადემია“ 26 ქულით მე-4 ადგილზეა. „ლოკომოტივი“ კი 14 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა „ლელომ“. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი „იუნკერებს“ დაუპირისპირდა და მატჩი 31-25 მოიგო. ლელოელები მე-9 ტურის შემდეგ 26 ქულით მესამე ადგილზე არიან.

ქუთაისის „აიამ“ საკუთარ მოედანზე ზედიზედ 5 შეხვედრაში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ამჯერად, ბესიკ ხამაშურიძის გუნდი გორის „ჯიქთან“ 19:15 დამარცხდა და ლიდერთა შორის ადგილი დაკარგა. „აია“ 25 ქულით მეხუთე ადგილზეა, „ჯიქს“ კი 21 ქულა აქვს და საუკეთესო ექვსეულშია.

დაძაბული გამოდგა პირველი წრის დასკვნითი მატჩი შევარდენის სანაკრებო ბაზაზე, სადაც ერთმანეთს აუტსაიდერები – მარნეულის „ არმაზი“ და ბოლნისის „ყოჩები“ შეხვდნენ. ირაკლი მაჩხანელის გუნდმა ბოლნისელებს 18:8 მოუგო და 15 ქულით „იუნკერებთან ერთად მეშვიდე-მერვე ადგილს ინაწილებენ. „ყოჩებს“ კი 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე გადმოინაცვლა.

რაგბიში დიდი 10-ის მეორე წრის მატჩები 29, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს გაიმართება.