რუსთავის ხარების ეკლესია - რუსთავში დაინფიცირებული საჯარო მოხელე ტაძრის მრევლია, თუმცა იგი წინა კვირას წირვას არ ესწრებოდა
რუსთავის ხარების ეკლესია - რუსთავში დაინფიცირებული საჯარო მოხელე ტაძრის მრევლია, თუმცა იგი წინა კვირას წირვას არ ესწრებოდა

რუსთავის ხარების ეკლესია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც ეკლესიის „ფეისბუქის“ გვერდზე წერია, რუსთავში დაინფიცირებული საჯარო მოხელე ტაძრის მრევლია, თუმცა იგი წინა კვირას არ ესწრებოდა წირვას. ამასთან ეკლესიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღვთისმსახურება ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მიხედვით მიმდინარეობს და მრევლი ეზოში ისმენს ლოცვას.

„ჟურნალისტებისა და დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ! რუსთავში გამოვლენილი დაინფიცირებული „საჯარო მოხელე მამაკაცი“ ( ასე იხსენებენ ტელევიზიები) არის ჩვენი ტაძრის მრევლი. იგი წინა კვირას არ ესწრებოდა წირვას, არც ტაძარში მოსულა. ამდენად, ჩვენ მრევლს ტაძარში, არც ტაძრის ეზოში, მასთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია. რადგან აღნიშული პიროვნება ტაძარში არ მოსულა, ცხადია, არც წმინდა ზიარება მიუღია. არ ზიარებულა იგი წინა რამდენიმე კვირის განმავლობაშიც.

თხოვნა გვექნება, ამასთან დაკავშირებით მოგონილ ამბებს ნუ გაავრცელებთ და ნურაფერს მოიგონებთ! ღვთისმსახურება ჩვენს ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მიხედვით მიმდინარეობს. მრევლი ეზოში დგას და ისმენს ლოცვას. დაცულია მანძილი ადამიანებს შორის“, – ნათქვამია ეკლესიის განცხადებაში.

ამასთან, რუსთავის ხარების ეკლესიის „ფეისბუქის“ გვერდზე წერია, რომ ტაძრის მრევლის ნაწილი „თვითიზოლაციაშია არა იმიტომ, რომ ტაძარში შეხვდნენ დაინფიცირებულს, რომელიც არ ყოფილა ტაძარში, არამედ იმიტომ, რომ ქალაქში და სამუშაო ადგილებზე ჰქონდათ მასთან ურთიერთობა“.