რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ.

შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო აქტივისტები. მთავარი მოთხოვნა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმებაა, ასევე, ორგანიზატორების განცხადებით, მოთხოვნებს შორისაა დღეს ყვარელში დაკავებული 16 ადამიანის დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

როგორც აქციაზე ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლლემა განაცხადა, მოქალაქეების მოთხოვნებს შორისაა, დაუწესდეთ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს.

საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წარმომადგენლები.

მათი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან, რადგან ეს აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ქართველ ხალხს უნდა ევროპა და არა – რუსული რეისები.

„რუსული რეისებით ევროპაში ვერ მოვხვდებით, ვერ დავჯდებით, ვერ ჩავფრინდებით. საქართველო არ არის ოკუპანტების საქეიფო ადგილი, ქართველი ხალხი და საქართველო არის ღირსებით სავსე ქვეყანა, ჩვენ ვართ პატრიოტები ჩვენი ქვეყნის. წავიდნენ, სადაც უნდათ, რუსეთში და იმის იქეთ კიდევ. რაც უნდათ, ის დაულევიათ, როგორც უნდათ, ისე უქეიფიათ, ჩვენ შეგვეშვან, დაგვანებონ თავი. რაც მთავარია, როგორც კვარაცხელია ჩამოფრინდა გუშინ პირველი რეისით აი, ასე უნდა გაბრუნდნენ კობახიძეები, ივანიშვილები უკან, რუსეთში, რადგან იქ არის მათი ადგილი და არ არის მათი ადგილი საქართველოში. ეს არის რეალობა, ჩვენ ახლა რუსულ რეჟიმს ვებრძვით, რომელიც ცდილობს ქვეყნის რუსიფიკაციას და ევროპის არჩევნზე უარის თქმას, აი, ეს არის რეალობა. ამ ბრძოლაში მე პირადად ვაპირებ ხალხთან ერთად ასე დავდგე და ვიბრძოლო ბოლომდე. არ შევარჩინოთ არცერთი ნაბიჯი ჩვენს მტრებს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ვაშაძემ.