რუსთაველის გამზირზე, ორი აქციის გამიჯვნის მიზნით, პოლიციამ კორდონი მოაწყო და ავტობუსებით გზა გადაკეტა [ფოტო]
რუსთაველის გამზირზე, ორი აქციის გამიჯვნის მიზნით, პოლიციამ კორდონი მოაწყო და ავტობუსებით გზა გადაკეტა [ფოტო]

რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან სამართალდამცველებმა ავტობუსებით გზა გადაკეტეს. გარდა ამისა, გზაზე პოლიციის კორდონი განთავსდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველები ორ პარალელურ აქციას გამიჯნავენ.

პარლამენტის შენობის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, ხოლო პუშკინის სკვერში არიან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტთან 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქციებს მართავენ.

ამასთან, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდებს აქციების მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. „ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი“, – აღნიშნულია განცხადებაში.