აქციის დაშლისას დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს კლინიკიდან ხვალ გაწერენ
აქციის დაშლისას დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს კლინიკიდან ხვალ გაწერენ

რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს დაშავებულ 23 წლის მამაკაცს, რომელსაც ნეიროქირურგიული და თვალის აღდგენითი ოპერაცია ჩაუტარდა, კლინიკიდან ხვალ გაწერენ, – ამის შესახებ რეგიონული ჰოსპიტალის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განაცხადა. მისი თქმით, ასევე დამაკმაყოფილებელია 32 და 46 წლის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც მკურნალობას ინტენსიური დაკვირვევების პალატაში აგრძელებენ.

„მოცემული მომენტისათვის რეგიონულ ჰოსპიტალში რჩება სამი პაციენტი, აქედან ერთი პაციენტი რომელსაც ჩაუტარდა ნეიროქირურგიული და თვალის აღდგენითი ოპერაცია წარმატებით, ხვალ გაეწერება კლინიკიდან. ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას ინტენსიური დაკვირვების პალატაში. აქედან 32 წლის მამაკაცი უკვე რამდენიმე დღეა ჩახსნილია ფილტვების ხელოვნური ვინტილაციის აპარატიდან, ხოლო 46 წლის მამაკაცი მეორე დღეა, რაც ჩაიხსნა აპარატიდან. ორივე სპონტანურ სუნთქვაზეა, მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია და არიან კონტაქტურები“, – განაცხადა ნათია ნუცუბიძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკებში 20 ივნისის ღამეს დაშავებული ხუთი პაციენტი რჩება.