რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაკავებულ ორ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო სამი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაკავებულ ორ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო სამი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

რუსთაველის გამზირზე, აქციაზე 11 ივნისს დაკავებულ ფარნაზო ჭკადუასა და გიორგი რუხაიას სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო გიორგი მაჩაიძე, გიორგი ხაბურზანია და დავით ოსიყმაშვილი 1000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი სასამართლოდან იუწყება.

ხუთივე მათგანს ბრალად ედება პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. მათი საქმე მოსამართლე ნინო ყანჩაველმა, დროის სიმცირიდან გამომდინარე, ერთდროულად განიხილა.

როგორც დაცვის მხარემ განაცხადა, მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

სასამართლო პროცესს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ნიკა მელია, ზაალ უდუმაშვილი და ლევან ხაბეიშვილი ესწრებოდნენ. პროცესზე “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძეც მივიდა.

მოსამართლემ ცალკე განიხილა აქციაზე დაკავებული ბესიკ გაზდელიანის საქმე, რომელსაც ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

პარლამენტთან აქციაზე 11 ივნისს დაკავებული რვა პირიდან ორი – საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე და მოძრაობის #ნუმომკლავ წევრი არასრულწლოვანი – ტ.გ. ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ნადირაძის საქმეზე სხდომა არ ჩატარებულა, არასრულწლოვანს კი მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.​ არასრულწლოვნის პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე პირი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.