რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახური მუშაობს
რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახური მუშაობს

რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია. აქციის მონაწილეების ნაწილმა ტერიტორია თავად დატოვა, ნაწილი კი სამართალდამცველებმა გაიყვანეს.

ადგილზე დასუფთავების სამსახური, ასევე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ტერიტორიაზე თავისუფალია საავტომობილო მოძრაობა. რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩებიან სამართალდამცველები.

რუსთაველის გამზირზე ღამის განმავლობაში ვითარება არაერთხელ დაიძაბა. დაპირისპირება იყო სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკასა და სხვადასხვა სახის საგნებს, აღმართეს ხელოვნური ბარიკადები, ცეცხლი წაუკიდეს სხვადასხვა ნივთს. ამასთან, სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებდნენ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის წყლის ჭავლს. წყლის ჭავლის გამოყენებამდე შსს მოქალაქეებს სპეციალური ხმოვანი სიგნალით აფრთხილებდა და დაშლისკენ მოუწოდებდა. უწყებამ რამდენჯერმე გაავრცელა ოფიციალური განცხადებაც და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ განეხორციელებინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და სამართალდამცველთა მითითებებს დამორჩილებოდნენ. პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს პოლიციის მხრიდან პერიოდულად იყო დაკავებები, თუმცა დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ გავრცელებულა.