რუსი სამხედროები დნეპროპეტროვსკის ოლქის სამ ქალაქში საწარმოებს თავს დაესხნენ, არიან დაღუპულები
რუსი სამხედროები უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სამ ქალაქში საწარმოებს თავს დაესხნენ, არიან დაღუპულები.
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ განჟამ განაცხადა, რომ რუსებმა ერთდროულად მიიტანეს იერიში სამრეწველო საწარმოებს რეგიონის სამ ქალაქში: დნეპროში, კრივოი როგსა და პავლოგრადში.
უკრაინული მედიის თანახმად, დნეპრზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. შესაძლოა, დარტყმის შედეგად დაზიანებული ქარხნის ნანგრევების ქვეშ კიდევ იყვნენ ადამიანები.
ამასთან, დნეპროვსკის რაიონში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის სარდაფში ხანძარი გაჩნდა, რამაც პირველი სართული დააზიანა. მაშველებმა 15 ადამიანი გამოიყვანეს. ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდა ამისა, ჩერნიგოვის რეგიონში, თავდასხმის შედეგად, 100 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
გასულ ღამით რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა კიევზეც განხორციელდა.