რუსმა ქვეითებმა, უკრაინის პოზიციებზე იერიშის მისატანად, თავსხმა წვიმის გამოყენება სცადეს

11:42, 20.11.2026
ჯარისკაცები ავდარში (საილუსტრაციო ფოტო)

ჯარისკაცები ავდარში (საილუსტრაციო ფოტო)

ღამით, თავსხმა წვიმის დროს, რუსულმა ძალებმა უკრაინის თავდაცვის პოზიციებზე პოკროვსკის მიმართულებით იერიშის მიტანა სცადეს იმ იმედით, რომ უამინდობა უკრაინულ საჰაერო დაზვერვას ხედვას შეუზღუდავდა.

ამის შესახებ სიმონ პეტლიურას სახელობის 152-ე ცალკეული ეგერთა ბრიგადის კომუნიკაციების განყოფილების უფროსმა, კატერინა მირონჩუკმა 19 ნოემბერს, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

სამხედრო დანაყოფის სპიკერის თქმით, 19 ნოემბრის ღამეს ამინდი გაუარესდა, რამაც რუს ქვეითებს იერიშზე გადასვლისკენ უბიძგა. მართალია, წვიმის გამო რუსულმა ძალებმა ნაკლები დრონი გამოიყენეს, სამაგიეროდ, საავიაციო ბომბებით დარტყმები გააძლიერეს.

„რუსები კვლავ ზედმეტად თავდაჯერებულნი აღმოჩნდნენ. წუხელ ჩვენი ბრიგადის პასუხისმგებლობის ზონაში ძლიერი წვიმა იყო. ამიტომ, მტერმა მიიჩნია, რომ ჩვენი საჰაერო დაზვერვის შესაძლებლობები, გარკვეულწილად, შეიზღუდა და ქვეითთა ე.წ. «კარუსელების» [უწყვეტი ტალღების] გამოშვება დაიწყეს“, – განაცხადა მირონჩუკმა.

DeepStateMap

„თუმცა, ჩვენი საჰაერო დაზვერვის მუშაობა სულაც არ შეფერხებულა და მთელი ღამის განმავლობაში თვალს ვადევნებდით, როგორ მიაბიჯებდნენ გაჭირვებით უიღბლო რუსები, როგორ ცვიოდნენ თხრილებში, სრიალებდნენ ტალახსა და ჭურვის მიერ ამოთხრილ ორმოებში. საკმაოდ უცნაური სანახავი იყო. ზოგიერთმა მათგანმა ტრავმაც კი მიიღო და კოჭლობა დაიწყო“, – აღნიშნა კატერინა მირონჩუკმა.

უკრაინელი სამხედროები მიიჩნევენ, რომ რუსულმა სარდლობამ შეტევაზე გამოფიტული ჯარისკაცები გაგზავნა.

„თვალშისაცემი იყო, როგორ ხშირად ეცემოდნენ. ფრონტის 500-მეტრიანი მონაკვეთის გავლისას, ერთ-ერთ ჯარისკაცს სველ მიწაზე, პირდაპირი მნიშვნელობით, 10-ჯერ დაუცდა ფეხი და წაიქცა“, – განაცხადა მან.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მანამდე მოიგერიეს, ვიდრე რუსული ქვედანაყოფები უკრაინელი ქვეითების პოზიციებს მიაღწევდნენ. ამავდროულად, 152-ე ეგერთა ბრიგადამ, ბოლო 10 დღის განმავლობაში, დააფიქსირა შემთხვევები, როდესაც რუსი ქვეითები დრონების ჩამოგდებას ცეცხლსასროლი იარაღით ცდილობენ. მანამდე ისინი უპილოტო საფრენი აპარატებისგან გაქცევას ან დამალვას ამჯობინებდნენ.

„ვერ ვიტყვით, რომ ხელცარიელები მოდიან. მაგალითად, ჩვენი დრონის ოპერატორი ამჩნევს რუს ჯარისკაცს, რომელიც თავის ბლინდაჟში ზის ან სათადარიგო პოზიციაზე იმალება. როდესაც ხვდება, რომ უკრაინული დრონი უახლოვდება, მის ჩამოგდებას ცეცხლსასროლი იარაღით ცდილობს. ჯერჯერობით – უშედეგოდ“, – დასძინა მირონჩუკმა.

სტატიის ავტორი: ანდრეი კონიკი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (Suspilne Ukraine/Cуспільне Українa)

ფოტო: უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-15 ბრიგადა „კარა-დაგი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი, 2026, 14:40 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი