რუსი სამხედრო მოსამსახურეები დასავლელმა ვეტერანებმა, შესაძლოა, ევროპაში გადაამზადეს

12:53, 11.09.2026

რუსეთის საჰაერო-დესანტო ჯარების ვეტერანებმა სანკტ-პეტერბურგში 2026 წლის 2 აგვისტოს მედესანტეთა დღე აღნიშნეს

რუსეთის საჰაერო-დესანტო ჯარების ვეტერანებმა სანკტ-პეტერბურგში 2026 წლის 2 აგვისტოს მედესანტეთა დღე აღნიშნეს

დასავლეთის სპეცდანიშნულების ძალების ვეტერანებმა, ბრიტანეთის არმიის ელიტური ქვედანაყოფის, სპეციალური საჰაერო სამსახურის (SAS-Special Air Service) ინსტრუქტორების ჩათვლით, შესაძლოა, ბულგარეთსა და სერბეთში არსებულ კერძო სამხედრო-სასწავლო ბანაკებში რუსეთის მოქალაქეები და მოქმედი რუსი სამხედრო მოსამსახურეები გადაამზადეს. ეს ინფორმაცია ეფუძნება ავსტრალიის უსაფრთხოების სამსახურებისა და ალიანს „ხუთი თვალისთვის“ (Five Eyes) მომზადებულ საიდუმლო სადაზვერვო დოკუმენტს, რომელმაც მედიაში გაჟონა.

 

ამის თაობაზე გამოცემა „ტელეგრაფი“ იუწყება, რომელმაც დაზვერვის სამსახურის მემორანდუმის ასლი მოიპოვა.

გამოცემის ცნობით, შეფასება ავსტრალიის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურისთვის (ASIS) მომზადდა. დოკუმენტში „მაღალი სანდოობით“ არის აღნიშნული, რომ დასავლელი სამხედრო ვეტერანები, შესაძლოა, ჩართულნი ყოფილიყვნენ როგორც რუსეთის მოქალაქეების, ისე რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნაში.

მემორანდუმი ეფუძნება ავსტრალიის სპეცდანიშნულების ძალების ორი ყოფილი წარმომადგენლისა და მოქმედ რეზერვისტთა ჩვენებებს. მათი თქმით, ბულგარეთსა და სერბეთში მდებარე იმ სასწავლო ბანაკებში, რომლებიც, სადაზვერვო მონაცემების თანახმად, რუსეთიდან ჩასულ კლიენტებს იღებდნენ, მათაც შესთავაზეს ინსტრუქტორად მუშაობა.

ერთ-ერთი ასეთი ცენტრი სამხედრო-სასწავლო კომპანია „ალფა-მეტალს“ ეკუთვნის და ჩრდილოეთ ბულგარეთში მდებარეობს. მემორანდუმში აღნიშნულია, რომ „ალფა-მეტალის“ ინსტრუქტორებს შორის, შესაძლოა, ყოფილიყვნენ პირები, რომლებსაც ბრიტანულ SAS-ში, ავსტრალიის სპეცდანიშნულების ძალებში, აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებსა და საზღვაო სპეცრაზმ Navy SEALs-ში მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ. ცენტრი კლიენტებს, სხვა სერვისებთან ერთად, სპეცდანიშნულების პერსონალის მომზადებასა და სნაიპერებისთვის კურსების ორგანიზებას სთავაზობს.

როგორც „ტელეგრაფი“ იუწყება, ევროპაში არსებული კერძო სამხედრო-სასწავლო ცენტრები რუსეთის მოქალაქეების მიღებას, სავარაუდოდ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც განაგრძობდნენ. ანგარიშში ციტირებული წყაროები ამტკიცებენ, რომ რუსები იქ წვრთნებს 2025 წელსაც გადიოდნენ, მათ შორის ახლო მანძილზე ბრძოლის მიმართულებით.

„ალფა-მეტალმა“ ეს ბრალდებები უარყო. კომპანიამ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მას არც SAS-ის ყოფილი თანამშრომლები დაუქირავებია და არც რუსეთის მოქალაქეები გადაუმზადებია. თავდაპირველად, ის უსაფრთხოების კერძო რუსულ ფირმა „ალფა-რეგიონთან“ რაიმე კავშირსაც უარყოფდა, თუმცა ჟურნალისტების შეკითხვის შემდეგ აღიარა, რომ ამ ორ ორგანიზაციას შორის წარსულში „პროფესიული კონტაქტები“ არსებობდა.

„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ავსტრალიის დაზვერვა ამჟამად მემორანდუმში შესული ინფორმაციების სიზუსტეს ამოწმებს.

 

სტატიის ავტორი: კარინა ლევიცკა, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine / суспільне україне)

ფოტოს ავტორი: ოლგა მალცევა, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი, 2026 წელი, 10:02 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი