რუსი პრანკერები სალომე ზურაბიშვილთან საუბრის ჩანაწერს აქვეყნებენ - ტრამპის ადმინისტრაცია, უცხოეთიდან მედიისა და არასამთავრობოების დაფინანსება, აქციები საქართველოში
რუსი პრანკერები სალომე ზურაბიშვილთან საუბრის ჩანაწერს აქვეყნებენ - ტრამპის ადმინისტრაცია, უცხოეთიდან მედიისა და არასამთავრობოების დაფინანსება, აქციები საქართველოში

რუსი პრანკერები „ვოვანი და ლექსუსი“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რუსი ოპოზიციონერის, გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ. საუბრის ვიდეომასალას რუსი პრანკერები საკუთარ ტელეგრამარხზე ავრცელებენ.

სალომე ზურაბიშვილთან საუბარი ინგლისურ ენაზე წარიმართა, თუმცა ვიდეომასალა თავად ავტორების მიერ რუსულადაა გახმოვანებული.

„იმაში გასარკვევად, ვინ დგას საქართველოში პროტესტების უკან, რომლებიც უკვე მეხუთე თვეა, არ წყდება, დავუკავშირდით საქართველოს ექსპრეზიდენტს, საფრანგეთის მოქალაქეს, სალომე ზურაბიშვილს. საუბარი მიმდინარეობდა უცხოეთის აგენტის, გარი კასპაროვის სახელით“, – წერენ რუსი პრანკერები.

კასპაროვის სახელით, პრანკერებმა ზურაბიშვილს დახმარება შესთავაზეს საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსებაში. სალომე ზურაბიშვილმა მათ განუცხადა, რომ მედიას სჭირდება მხარდაჭერა, განსაკუთრებით რეგიონულს, ასევე პროფკავშირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. საუბრისას სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში პატარა არასამთავრობოები ძირითადად ფინანსდებოდა USAID-ის ან ცალკეული ევროპული ფონდების მიერ, ევროპელები კი საკმაოდ ნელა მოქმედებდნენ.

„ისინი ამბობდნენ, რომ სანქციების გზით შეჩერებული სამთავრობო პროგრამებიდან სახსრებს გადაამისამართებდნენ სამოქალაქო სექტორში, თუმცა ეს ამ დრომდე არ მომხდარა, ამდენად, კრიტიკული მომენტი დადგა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ტრამპის ადმინისტრაციის შესახებ დასმულ კითხვაზე ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა სცადონ კარგი მხარის დანახვა.

„ეს ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ ვფიქრობ, თუ შევეცდებით, უნდა დავინახოთ, რა შეიძლება იყოს კარგი მხარე, მიუხედავად შოკისა, რომელიც ყველამ განვიცადეთ, როდესაც მან გამოაცხადა თავისი პოზიციები უკრაინისა და პუტინის მიმართ“, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.

საუბრისას პრანკერმა, რომელიც კასპაროვის სახელით საუბრობდა, სალომე ზურაბიშვილს მიმართა, რომ იმედოვნებდა საქართველოში „მაიდნის“ სცენარის განხორციელებას.

„გეთანხმებით, მაგრამ კარგ სცენარს ვერ ვხედავ. ჩემთვის საუკეთესო სცენარია, რომელიც უკრაინამ წარსულში განახორციელა. ვგულისხმობ „მაიდანს“. ამიტომ იმედი მაქვს, რომ თქვენც იგივე გამოგივათ“, – მიმართა პრანკერმა სალომე ზურაბიშვილს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში პროტესტი არ წყდება და კრიზისი იმდენად ღრმაა, რომ მისი სტაბილური, მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა შეუძლებელია.

„აქ პროტესტი არ წყდება. აქ პროტესტის კონსოლიდაციისა და გაგრძელების ადგილია, რადგან ვითარება საკმაოდ დაძაბულია. ქუჩის პროტესტი ერთადერთი საშუალებაა. სხვა არაფერი რჩება, გარდა ქუჩაში გამოსვლისა, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ. ჩემი აზრით, კრიზისი იმდენად ღრმაა, რომ მისი სხვა სტაბილური გზით გადაწყვეტა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრანკერებთან საუბრისას ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, აფხაზეთის ერთადერთი გზა მომავლისკენ არის ევროპა.

„მხოლოდ ევროპაში საერთო ინტეგრაცია შეიძლება იქცეს მოგვარებად. ეს არ უნდა ხდებოდეს პირდაპირი მოლაპარაკებებით, რადგან ანტაგონიზმი ჯერ კიდევ არსებობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აღარ უყვართ რუსები, არ ნიშნავს, რომ მათ უეცრად ქართველები შეუყვარდათ. ჩვენ მოგვიწევს ამისი გადალახვა. გადალახვა კი შესაძლებელია მხოლოდ საერთო პერსპექტივით. საერთო პერსპექტივა კი არის ევროპა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.