რუსი მოციგურავის კამილა ვალიევას განმეორებითი დოპინგ-სინჯიც დადებითი შედეგის აღმოჩნდა - რუსებს პეკინის თამაშების გუნდური ოქროს ჩამორთმევა ემუქრებათ #1TVSPORT
რუსი მოციგურავის კამილა ვალიევას B დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ამერიკელმა ჟურნალისტმა დეივ ლისმა.
თებერვალში პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის დროს ცნობილი გახდა, რომ ვალიევამ დადებითი დოპინგ-სინჯი ჩააბარა აკრძალულ პრეპარატზე – ტრიმეტაზიდინზე. თავად სინჯი 2021 წლის დეკემბერში რუსეთის ჩემპიონატის დროს აიღეს, შემდეგ კი სტოკჰოლმის ლაბორატორიაში გაგზავნეს. ანალიზის შედეგი ზამთრის თამაშების მსვლელობისას გამოცხადდა.
პეკინში ვალიევა რუსეთის ნაკრებთან ერთად გუნდურ ტურნირში ოქროს მედლის მფლობელი გახდა, მაგრამ დაჯილდოვების ცერემონია არ გამართულა, რადგან ვალიევას საქმეზე გამოძება დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ამ საქმეზე საბოლოო მოსმენა სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება და არ არის გამორიცხული, რუსეთის ნაკრებს ჩამოერთვას პეკინის ოლიმპიადაზე გუნდურში მოპოვებული ოქრო.