რუსეთთან ესტონეთის საზღვრის დაკეტვამ, შესაძლოა, ლატვია-რუსეთის საზღვარზე სატვირთო მანქანების რიგები გამოიწვიოს
ტერეჰოვის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი (საილუსტრაციო ფოტო)
შობისა და ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ლატვია-რუსეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, როგორც წესი, სატვირთო მანქანების გრძელი რიგები დგება; თუმცა, გასული წლის შემოდგომაზე ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის დანერგვის შემდეგ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. როგორი მდგომარეობაა დღეს ტერეჰოვის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ესტონეთის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელიც 1 დეკემბრიდან რუსეთთან საზღვრის დაკეტვას ითვალისწინებს? ამის გარკვევას ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებლის (LSM) ლატგალიის რედაქცია შეეცადა.
ტერეჰოვის გავლით, ყოველდღიურად, საშუალოდ დაახლოებით 100 სატვირთო და 20-მდე მსუბუქი ავტომობილი მოძრაობს. რეგისტრაცია ერთი თვით ადრე დაჯავშნილი ელექტრონული რიგის მეშვეობით ხდება – ამჟამად რიგში 753 სატვირთო და 126 მსუბუქი ავტომობილია დაფიქირებული.
ტერეჰოვას სასაზღვრო კონტროლის პუნქტის უფროსი, ალვის დონსკისი 1 დეკემბრიდან რუსეთ-ესტონეთის საზღვრის დაკეტვაში პრობლემას ამ ეტაპზე ვერ ხედავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ბევრი რამ ლატვიელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.
„ამ მომენტისთვის კომენტარის გაკეთება რთულია, რადგან კონკრეტულად ტერეჰოვის სასაზღვრო კონტროლის პუნქტზე ტრანსპორტის რიგებთან დაკავშირებით ცვლილება ჯერ არ შეინიშნება, რადგან ელექტრონულ რიგში სატვირთო ავტომობილებისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობა წინასწარ არის განსაზღვრული, ადგილზე დარეგისტრირება კი შეუძლებელია. შესაბამისად, ერთადერთი, რაც შესაძლოა ელექტრონულ რიგში შეიცვალოს, ლოდინის დროის გაზრდაა. მაგალითად, ამჟამად სატვირთო მანქანის დარეგისტრირებისას, შემდეგი თავისუფალი ადგილი 2 დეკემბერსაა, მომავალში კი შესაძლოა, მომდევნო თავისუფალი ადგილი ოდნავ მოგვიანებით იყოს – სულ ეს არის“, – განაცხადა დონსკისმა.
ტერეჰოვში ელექტრონული რიგი მხოლოდ ლატვიიდან გამსვლელებზე ვრცელდება, ქვეყანაში შესასვლელად კი ცოცხალ რიგში დგომაა საჭირო. რუსეთიდან ლატვიის მიმართულებით დღეში 85 სატრანსპორტო საშუალების გატარებაა გათვალისწინებული. სახელმწიფო შემოსავლების სამსახურმა (VID) აღნიშნა, რომ სანქციების დარღვევის ფაქტები რეგულარულად ფიქსირდება და რომელიმე კონკრეტული შემთხვევის გამოყოფა შეუძლებელია.
„სულ უფრო ხშირად ვავლენთ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სხვადასხვა სახის სათადარიგო ნაწილებს, რომელთა გატანასაც რუსეთში ცდილობენ. ასევე დაფიქსირდა რუსეთიდან სათადარიგო ნაწილების შემოტანის მცდელობებიც. ეს დარღვევები მაშინ გამოვლინდა, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ საქონელი არასწორი სასაქონლო კოდით იყო დეკლარირებული. ასევე აღმოჩენილია ხე-ტყე, რომლის წარმოშობის ქვეყნად ყაზახეთია მითითებული, თუმცა შემოწმებამ აჩვენა, რომ ხე-ტყე სინამდვილეში რუსეთიდანაა“, – განაცხადა სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის საბაჟო გაფორმების დეპარტამენტის უფროსმა, ინგა კრუშანოვამ.
რუსეთიდან ესტონეთში მიმავალ სატვირთო მანქანებს 1 დეკემბრიდან საზღვრის გადაკვეთის ალტერნატიული მარშრუტების მოძიება მოუწევთ. მოსალოდნელია, რომ ამ სატვირთო ნაკადის ნაწილი ტერეჰოვისა და გრებნევის სასაზღვრო კონტროლის პუნქტებზე გადამისამართდეს. ლატვიის სატრანსპორტო ნაკადებზე ამ ცვლილებების რეალური გავლენის შეფასება 1 დეკემბრის შემდეგ იქნება შესაძლებელი.