რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ-მა საკუთარი მოქალაქეებისთვის რუსეთში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია განაახლა
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ-მა საკუთარი მოქალაქეებისთვის რუსეთში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია განაახლა.
„აშშ-ის საელჩო ინფორმირებულია მედიაში გავრცელებული ცნობების შესახებ, რომლებიც რუსეთში, ირკუტსკის რეგიონში პნევმონიური შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევას, ერთი ადამიანის გარდაცვალებასა და ირკუტსკში საკარანტინო ღონისძიებებსა და საავადმყოფოების დახურვას ეხება. ჩვენ ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით. აშშ-ის მთავრობას რუსეთში, განსაკუთრებით მოსკოვის ფარგლებს გარეთ, ამერიკის მოქალაქეების დახმარების შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. რუსეთისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მეოთხე დონის სამოგზაურო გაფრთხილება – „არ იმოგზაუროთ“ – კვლავ ძალაშია და რუსეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოვუწოდებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, უწყება რუსეთში გამგზავრების მსურველ ამერიკის მოქალაქეებს კვლავ მკაცრად ურჩევს, არ იმოგზაურონ ქვეყანაში უკანონო დაკავებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო.
ცნობისთვის, 2 ოქტომბერს ირკუტსკის ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში მომუშავე ლაბორანტი დარია შიპილოვა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ლაბორატორიაში მუშაობისას შავი ჭირის პათოგენის შემცველი საცდელი მილი დაუზიანდა. ამ ვერსიას რუსეთის ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ.