რუსეთში, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

რუსეთის პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, სროლის შედეგად 14 ადამიანია დაშავებული.

ამასთან, რუსმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს და იდენტიფიცირების შემდეგ გაირკვა, რომ ის 18 წლის სტუდენტი, ტიმურ ბეკმანსუროვია. პარალელურად, პერმის მხარის გუბერნატორ დიმიტრი მახონინის განცხადებით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია და ამ დროისთვის მოწმდება ინფორმაცია შესაძლო თანამზრახველების შესახებ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული მამაკაცი უნივერსიტეტში გლუვლულიანი სანადირო თოფით შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. უნივერსიტეტის შენობაში შეიარაღებული მამაკაცის შესვლის შემდეგ, სტუდენტების ნაწილი აუდიტორიებში ჩაიკეტა, რამდენიმე სტუდენტი კი, ფანჯრიდან გადახტა.