რუსეთში, ომსკის კლინიკებში ადგილების უკმარისობის გამო, სასწრაფო დახმარების მანქანებმა კორონავირუსიანი პაციენტები ჯანდაცვის განყოფილებასთან მიიყვანეს
რუსეთის ქალაქ ომსკში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებმა კოვიდინფიცირებული პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონულ განყოფილებასთან მიიყვანეს, მას შემდეგ, რაც ისინი ადგილების უკმარისობის გამო საავადმყოფოებში არ მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ცნობებით, მედიკოსების პროტესტის შემდეგ კოვიდპაციენტებისთვის სამედიცინო დაწესებულებებში ადგილები მოიძებნა.
როგორც ადგილობრივი პრესა წერს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პირველი მანქანა ქალაქის ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონულ ოფისთან საღამოს 09:00 საათის შემდეგ მივიდა. სასწრაფო დახმარებამ 70 წლის პაციენტი მიიყვანა, რომელსაც კომპიუტერული ტომოგრაფიით ფილტვების დაზიანება აღმოაჩნდა, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაცია საავადმყოფოში ადგილების უკმარისობის გამო ვერ მოხერხდა.
მოგვიანებით, სამთავრობო უწყების შენობასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ ორი მანქანით მიიყვანეს პაციენტები.
რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების ორგანიზებასთან დაკავშირებული სიტუაციის შემოწმების განკარგულება გასცა.