რუსეთში მყოფი 400-მდე ესტონელი სტუდენტი გადაბირების რისკის წინაშე დგას
რუსეთის საელჩო ტალინში
ოფიციალური გაფრთხილებების მიუხედავად, ესტონეთიდან თითქმის 400 ახალგაზრდა განაგრძობს სწავლას რუსეთში, სადაც არსებობს საფრთხე, რომ ისინი სპეცსამსახურებმა გადაიბირონ ან ფრონტის ხაზზე გაგზავნონ. ამ ინფორმაციას ესტონური გამოცემა „პოსტიმეესი“ ავრცელებს.
რუსეთის საელჩო ესტონეთში, საკუთარ ვებგვერდზე, აქტიურად ეწევა რუსეთში უმაღლესი განათლების მიღების პოპულარიზებას. სტუდენტებს სთავაზობენ სტიპენდიებს აკადემიური მოსწრების მიუხედავად და ენის სწავლის უფასო კურსებს, რომლებიც მათ სასწავლებელში ჩარიცხვაში დაეხმარება.
არც ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს და არც განათლების საინფორმაციო სისტემას არ აქვს მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ესტონელი სწავლობს რუსეთში. თუმცა, ცნობილია, რომ იუნესკოს სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მათი რაოდენობა 384-ს შეადგენდა.
ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ ტარომ რუსეთში სასწავლებლად წასვლას „იქ გამგზავრების ერთ-ერთი ყველაზე „უცნაური და გაუგებარი მიზეზი“ უწოდა. მისი თქმით, თუ იქ მყოფი ესტონეთის რომელიმე მოქალაქე საფრთხეში აღმოჩნდება, ქვეყანას ძალიან შეზღუდული შესაძლებლობა ექნება იმისთვის, რომ ასეთ მოქალაქეებს საკონსულო ან სხვა სახის დახმარება გაუწიოს.
ტაროს თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, შესაძლოა, მძევლად აიყვანონ, მაგალითად, დაკავებულ რუს აგენტებში გადასაცვლელად, ან ჩააყენონ ისეთ მდგომარეობაში, რომლიდანაც ერთადერთი გამოსავალი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის ხელმოწერა იქნება, ამას კი უკრაინის ფრონტის ხაზზე გაგზავნა მოჰყვება.
ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის (KAPO) განცხადებით, ესტონეთის მცხოვრებლები, რომლებიც რუსეთში მიემგზავრებიან, რუსეთის სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში ექცევიან. იქ ისინი, შესაძლოა, დააკავონ და რუსეთის კანონმდებლობა საკუთარი ინტერესების მიხედვით მიუსადაგონ.
KAPO-ს ბიუროს ხელმძღვანელის, მარტა ტუულის განმარტებით, რუსეთში სწავლის მსურველები, ძირითადად, რუსულენოვანი მოსახლეობის წარმომადგენლები არიან. მისივე თქმით, რუსეთის უნივერსიტეტებში ფარულად საქმიანობენ სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომელთა მიზანი სტუდენტების იდენტიფიცირება და გადაბირებაა.
ტუულის განცხადებით, გადაბირებული პირების გამოყენება, შესაძლოა, დაუყოვნებლივ არ მოხდეს და სპეცსამსახურებმა დაელოდონ, სანამ ისინი მათთვის სასარგებლო თანამდებობებს დაიკავებენ. მისი ვარაუდით, არ არის გამორიცხული, ესტონელ სტუდენტებსაც ისეთივე ბედი ეწიოთ, როგორიც აფრიკელ სტუდენტებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე გაგზავნეს.
აგვისტოში „პოსტიმეესი“ წერდა, რომ ესტონეთში დაბადებული ნიკიტა კუზმინი, რომელიც სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა, GRU-მ გადაიბირა. მას შესთავაზეს, არჩევანი გაეკეთებინა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და ფრონტზე გაგზავნას შორის, რის შემდეგაც მან, სანამ დააკავებდნენ და 4 წლით პატიმრობას მიუსჯიდნენ, ნარვაში არსებულ სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე ინფორმაცია შეაგროვა.
პროკურორ მარგარეტ ბერესის თქმით, კუზმინს ესტონეთში თანამზრახველები არ ჰყოლია და ის ადრეულ ეტაპზევე გამოაშკარავეს, რის გამოც ესტონეთის უსაფრთხოებას არსებითი ზიანი არ მიუღია.