რუსეთში მეტია დაავადებული, ვიდრე ამბობენ - კვირკველიას თანაგუნდელის სვეტი გერმანულ გამოცემაში
მოსკოვის „ლოკომოტივის“ გერმანელმა მცველმა ბენედიქტ ჰევედესმა ჯერ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც რუსეთში კორონავირუსისადმი დამოკიდებულებით გაოცება გამოხატა. ახლა კი საქართველოს ნაკრების მცველის, საბა კვირკველიას თანაგუნდელმა პრობლემაზე უფრო მძარფად დაწერა და პუტინის ხელისუფლება გააკრიტიკა.
ჰევედესმა გერმანულ გამოცემა t-online.de-ზე ყოველთვიურად სვეტს აქვეყნებს, მარტის ბოლო სვეტში ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან თემას შეეხო – კორონავირუსს.
„აჩრდილი დადის ევროპაში – მაგრამ არა კომუნიზმის, არამედ კორონავირუსის. მთელი გერმანია პარალიზებულია – კინოთეატრები, კლუბები და ბარები დაკეტილია. ამ სტრიქონებს მე მოსკოვის კაფეში ვწერ. ეგაა, ყავამდე დეზინფექციის საშუალება მივიღე. ცოტა რამ პანდემიის შესახებ ქვეყნიდან, რომელიც ჩვენს დროს ორი კვირით ჩამორჩა. რუსეთში, ოფიციალურად კორონავირუსის დაავადების 200 შემთხვევა იყო რეგისტრირებული. პუტინის თქმით, ეს განპირობებულია მთელ ქვეყანაში გატარებული მკაცრი პრევენციული ზომებით. არც ისე ჭკვიანებიც აცნობიერებენ, რომ არარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა და მასთან ერთად დაავადებული ადამიანებიც ბევრად მეტი უნდა იყოს. რადგან მხოლოდ ამ კვირიდან შეიზღუდა უცხოეთიდან ხალხის შემოსვლა – მომდევნო ორი თვის განმავლობაში. და ქალაქებში? როგორც ყოველთვის, ისეა – კაფეეები ხალხითაა სავსე. მეტრო ხალხმრავალია. ასევე უამრავი ადამიანია ქუჩაში. ვირუსი აქ ნელ-ნელა ახლოვდება” – წერს ჰევედესი.
ჰევედესის აზრით, რუსეთის ხელისუფლებამ პანდემიაზე რეაგირება დააგვიანა: „17 მარტიდან რუსეთის ჩემპიონატი შეჩერდა მინიმუმ 10 აპრილამდე. მაგრამ ვარჯიშები მაინც გრძელდება – სიგიჟეა. როდესაც ვუყურებ გერმანიაში მიღებულ ზომებს, მიკვირს, რუსეთში ხალხი ინფექციის რისკს ასე მშვიდად როგორ შეიძლება უყურებდეს. „სოციალური იზოლაცია” არ არსებობს. ალბათ ეს იმიტომ ხდება, რომ „კორონავირუსის დროს“ ორი კვირით ჩამოვრჩით. ამ კრიზისულ პერიოდში ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მკაფიო რეკომენდაციები, ლოგიკური აზრი და, უპირველეს ყოვლისა, გამჭვირვალე ინფორმაცია. ამ კვირის დაწყებამდე რუსების უმეტესობას ეს ინფორმაცია არ ჰყონდა. ახლა ის დროა, როდესაც პოლიტიკამ და მედიამ შეიძლება კვლავ აღიდგინოს ბოლო წლების განმავლობაში ნაწილობრივ დაკარგული ხალხის ნდობა – როგორც გერმანიაში, ასევე რუსეთში”.
ჰევედესის აზრით, მისი სამშობლო პანდემიასთან ბრძოლის მაგალითია: “დღეს პოპულისტები ფასს კარგავენ. და ეს გვიჩვენებს, გერმანელები ჩვენს სამშობლოდ რა დიდ ქვეყანას მივიჩნევთ. გაგვიმართლა, რომ გვყავს ასეთი მთავრობა, რომელიც გონივრულად და დაფიქრებით მოქმედებს. ჩვენ ასევე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა. ჩემი აზრით, ჯანმრთელები რომ ვიყოთ, უპირველესად, ამისთვის აუცილებელია საღი აზრი. მხოლოდ იგივე შემიძლია ვთქვა, როგორც სხვამ – დარჩით სახლში, თუ ეს შესაძლებელია, დაეხმარეთ ასაკოვანებს საყიდლებით და იზრუნონ ერთმანეთზე. ამიერიდან, ისევე როგორც თქვენ, ხალხში ყოფნას თავს ავარიდებ”
ბენედიქტ ჰევედესი 2014 წელს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. უთამაშია „შალკესა“ და „იუვენტუსში“. მოსკოვის „ლოკომოტივში“ 2018 წელს გადავიდა.