რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შეიარაღებული ამბოხის საქმეზე გამოძიება შეწყდა
რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შეიარაღებული ამბოხის საქმეზე გამოძიება შეწყდა

რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შეიარაღებული ამბოხის საქმეზე გამოძიება შეწყდა. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება დასრულებულია დანაშაულებრივი ქმედებების შეწყვეტის საფუძველზე.

როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადების თანახმად, შეიარაღებული ამბოხის საქმის გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ 24 ივნისს მისმა მონაწილეებმა შეწყვიტეს დანაშაულის ჩადენისკენ მიმართული ქმედებები. ამის გათვალისწინებით, უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელსა და კრემლს შორის მინსკის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, 24 ივნისს პრიგოჟინმა მოსკოვისკენ მიმავალი მებრძოლთა კოლონების ბანაკებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის განცხადებით, მიღწეული შეთანხმებით, პრიგოჟინი ბელარუსში უნდა წავიდეს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა კი შეწყდება.