რუსეთში კაშხლის ჩამონგრევისას 13 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა
რუსეთში კაშხლის ჩამონგრევისას 13 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა

რუსეთში კაშხლის ჩამონგრევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო ავრცელებს. გარდა ამისა, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 13 ადამიანი. დაშავებულებიდან კი, სამი პირი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

„დოიჩე ველეს“ რუსული ბიუროს ინფორმაციით, ინციდენტი კრასნოიარსკის მხარეში, ადგილობრივი დროით 02:00 საათზე მოხდა. როგორც ცნობილია, კაშხლის ჩამონგრევის შედეგად მუშების საცხოვრებელი ბლოკი დაიტბორა, სადაც ტრაგედიის დროს 76 ადამიანი იმყოფებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, წვიმის შედეგად დაგროვილმა წყალმა ერთი კაშხალი გაარღვია, რის შემდეგაც მთლიანი სტრუქტურა დაზიანდა. გავრცელებული ცნობით, მუშები საერთო საცხოვრებლის ნაცვლად ვაგონებში ცხოვრობდნენ და ტრაგედიის დროს წყლის ნაკადმა რამდენიმე მათგანი გაიტაცა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ოპერაციაში ჩართულია რამდენიმე ვერტმფრენიც. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სამუშაო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით არის აღძრული.

დატოვე კომენტარი