რუსეთს ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთზე თავდასხმის კონკრეტული გეგმა არ გააჩნია – უსაფრთხოების სამსახურები

13:05, 08.07.2026
რუსეთის დროშა ტალინში საელჩოს შენობის წინ

რუსეთის დროშა ტალინში საელჩოს შენობის წინ

ამჟამად არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთმა ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში სიტუაციის ესკალაცია გადაწყვიტა. ეს ინფორმაცია ახალი ამბების პორტალმა Delfi-მ და და გამოცემა Baltic Flank-მა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც გასულ კვირას ზოგიერ მედიასაშუალებაში კრემლის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ არაერთი ცნობა გამოქვეყნდა.

 

გამოცემა Baltic Flank-მა შეისწავლა „გარდიანის“, „ფოქს ნიუსის“ და „ტელეგრაფის“ მიერ წინა კვირაში გამოქვეყნებული სტატიების საფუძველი, რომლებიც ესტონეთზე, ლატვიაზე, ლიეტუვასა და პოლონეთზე შესაძლო თავდასხმას ეხებოდა, და ამ საკითხზე რამდენიმე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ესაუბრა.

გაზაფხულიდან მოყოლებული, ვრცელდება ხმები რუსეთში გამართული სავარაუდო შეხვედრის შესახებ, სადაც, როგორც ამბობენ, „გაიცა დირექტივა პროვოკაციების მოწყობის გეგმების შესამუშავებლად“.

ეს ქმედებები „ჰიბრიდული“ ხასიათის უნდა ყოფილიყო და მათი განხორციელებისას, ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლის ამოქმედების ზღვარი არ უნდა გადალახულიყო.

წყაროების თქმით, პოტენციურ სამიზნეებად ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, ფინეთი და მოლდოვა დასახელდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Delfi-ს განუცხადა: „მე არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროვოკაციის რეალურად განსახორციელებლად რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული“.

დაზვერვის კიდევ ერთმა ბალტიურმა წყარომ აღნიშნა: „დღეისათვის მსგავსი პროვოკაციის არც კონკრეტული თარიღია ცნობილი, არც კონკრეტული გეგმა არსებობს და არც პასუხისმგებელი ორგანიზატორია დანიშნული“.

ლატვიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სტრუქტურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა: „მოსალოდნელი სამხედრო პროვოკაციის ნიშნები არ არსებობს. რუსეთის სამხედრო ძალების განლაგებაში ან მომზადებაში ვერ ვხედავთ რაიმე ცვლილებას, რომელიც ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული“.

 

სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ERR (Eesti Rahvusringhääling)

ფოტოს ავტორი: სიიმ ლიოვი / ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 7 ივლისი 2026, 15:55 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი