რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 539 დრონი და 11 რაკეტა გაუშვა, სულ მცირე, 23 ადამიანია დაშავებული, იერიშის მთავარი სამიზნე კიევი იყო
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ღამით 539 დრონი და 11 სხვადსხვა ტიპის რაკეტა გაუშვა, უკრაინის საჰაერო ძალებმა 478-ის განადგურება შეძლეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დარტყმები რვა ლოკაციაზე განხორციელდა, ხოლო დრონის ფრაგმენტები 33 ადგილას ჩამოვარდა.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით „შაჰედისა“ და სხვა ტიპის 539 დრონი; ერთი აერობალისტიკური რაკეტა Х-47 М2 „კინჟალი“; ექვსი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ“ М/KN-23 და ოთხი ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერ-K“ გაუშვეს.
თავდასხმის მთავარი სამიზნე კიევი იყო.
კიევზე განხორციელებული მასირებული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასწრაფო დახმარების ხუთი მანქანა, რომლებსაც დაშავებული მოქალაქეები საავადმყოფოებში გადაჰყავდათ.