რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებზე პოლონეთიდან ნატოს ჯარების გაყვანა მოითხოვოს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი. 2026 წლის 22 ოქტომბერი
ბრიტანული ყოველდღიური გამოცემა „ტელეგრაფის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის შესახებ დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, სავარაუდოდ, ევროპაში ნატოს სამხედრო ყოფნასთან დაკავშირებით დათმობებზე წასვლას მოითხოვს.
სტატიის თანახმად, მოსკოვმა, შესაძლოა, დააყენოს საკითხი, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ევროპაში თავისი სამხედრო ყოფნა შეამციროს 1997 წლის დონემდე – იმ პერიოდამდე, სანამ ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნები ნატოში დაიწყებდნენ გაწევრიანებას.
ეს შეიძლება ნიშნავდეს ნატოს ჯარების გაყვანას პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ფინეთიდან, რომელთაგან თითოეული რუსეთს ესაზღვრება.
შეერთებულ შტატებთან და უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას რუსეთი გარკვეული პაუზის შემდეგ დათანხმდა. როგორც „ტელეგრაფი“ წერს, ტექნიკური მოლაპარაკებების გამართვას მომავალ თვეში აბუ-დაბიში ვარაუდობენ.
კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში ევროპელი წარმომადგენლებიც უნდა ჩაერთონ. მისი თქმით, შეთანხმების მისაღწევად ევროპის მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
„ტელეგრაფის“ მიერ ციტირებული დიპლომატიური წყაროების თანახმად, ევროპული ქვეყნების მოლაპარაკებებში ჩართვის სანაცვლოდ, მოსკოვი ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებული დათმობების მიღწევას ცდილობს.
პუტინმა ეს მოთხოვნები ჯერ კიდევ 2021 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე წამოაყენა. სტატიაში აღნიშნულია, რომ მოსკოვი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ომის ძირითად მიზეზად მიიჩნევს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიების აუცილებლობას.
წინა მოლაპარაკებებმა ცეცხლის შეწყვეტა ვერ უზრუნველყო. როგორც ბრიტანული გაზეთი იუწყება, ზელენსკის სურს, რომ მომავალ მოლაპარაკებებზე პრაქტიკული საკითხებიც, მათ შორის ცალკეულ მონაკვეთებზე ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების გაცვლა განიხილონ.
უშაკოვი მოლაპარაკებებისგან მნიშვნელოვან პროგრესს არ ელის. აბუ-დაბიში სავარაუდო შეხვედრას მან „საცდელი ეტაპი“ უწოდა.